საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსს შორის თანამშრომლობა გრძელდება
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსს შორის თანამშრომლობა გრძელდება

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა გრძელდება.

საქართველოს პირველი არხისგან რეგიონულ მედიებს ქართული დოკუმენტური ფილმების და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პაკეტების ჩვენების უფლება გადაეცათ, რომელთა საავტორო უფლებებსაც თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ფლობს.

„საქართველოს პირველი არხი აქტიურად მუშაობს რეგიონში აუდიოვიზუალური ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობისთვის, იქნება ეს სხვადასხვა სტუდიებთან თანამშრომლობით გარეწარმოების თუ კოპროდუქციის შექმნა, ასევე კონტენტის გაზიარება ან სარეკლამო დროის შესყიდვა რეგიონული მედიასაშუალებებისგან“,- განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი 29 რეგიონულ მაუწყებელს აერთიანებს. თანამშრომლობის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე წარმოებულ პროდუქტს ეთერში გასაშვებად უსასყიდლოდ გადასცემს რეგიონების რამდენიმე ტელევიზიას: ტელეკომპანია „ფარვანას“, ATV 12-სა და მარნეულის ტელევიზიას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობა. ევროპული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლები მჭიდროდ თანამშრომლობენ რეგიონულ მაუწყებლებთან. გვიხარია, რომ საქართველოც მსგავსი მაგალითია ასეთი თანამშრომლობის, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მაყურებლებისთვის მრავალფეროვან პროდუქციაზე ხელმისაწვდომობას“,-განაცხადა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თავმჯდომარემ, ავთანდილ გველებიანმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წელს გაფორმდა.