„საზოგადოება და ბანკები“ – 348 841 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება

18:59, 21.10.2026

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ორგანიზაციის ცნობით, 2026 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 348 841 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად – 8.25%-ზე დატოვა. შესაბამისად, 348,841-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება. 348,841 ხელშეკრულებიდან რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია (63%). 26% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების მხოლოდ 1%-ია გაფორმებული. ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 21.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების მოცულობა 4.8 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 6.9 მლრდ. ლარია გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე 6.8 მლრდ. ლარის მოცულობის სესხებია გაცემული, ხოლო დიდ ბიზნესზე – 2.9 მლრდ. ლარის სესხი. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა – 44,315 ლარს, სამომხმარებლო სესხის – 49,251 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხის – 77,284 ლარს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის 1,295,167 ლარს შეადგენს“,  – აცხადებენ „საზოგადოებასა და ბანკებში“.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი იზრდებოდა და 2025 წლის მარტიდან აჭარბებს მიზნობრივ 3%-იან დონეს. 2026 წლის აპრილში ინფლაციამ 5.9%-ს მიაღწია და ოდნავ შემცირდა მომდევნო თვეებში (5.6%). შესაბამისად, ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

მსგავსი