„საზოგადოება და ბანკები“ - 122 900 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება
„საზოგადოება და ბანკები“ - 122 900 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2020 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 122 900 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი, რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8 პროცენტიან დონეზე დარჩა. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6686,737 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

„პირველი აგვისტოდან პირველი ოქტომბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 2600-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 6466.835 მილიონიდან 6686.737 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 122900 ხელშეკრულებიდან 35200 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 904.28 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ოქტომბრის მდგომარეობთ 13.11% შეადგინა. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ოქტომბრის მონაცემებით 49800 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.47%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2288.4 მილიონი ლარია. 33900 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 სექტემბერთან შედარებით 900-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3253.2 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1122.2 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.45%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ოქტომბრის მონაცემებით 2131 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.88%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ოქტომბრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.2 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 12.97%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 3000 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 91.5 მილიონი ლარია.
1 ოქტომბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.2%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 15.31%, ხოლო ყველაზე დაბალი – იპოთეკურ სესხებზეა – 11.35. პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი ბიზნეს სესხებზე 12.24%-დან 11.88%-მდე. ხოლო, გაზრდილია სამომხმარებლო სესხზე – 14.03%-დან 15.31%-მდე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება წინა პერიოდში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელებაა.

„გადაწყვეტილება ძირითადად გამოწვეულია გაზრდილი გაურკვევლობით: ქვეყანაში უკონტროლოდ იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, იმატებს ეკონომიკური აქტივობის დაცემის რისკიც, საპროგნოზო საგარეო მოთხოვნა კვლავ შემცირებული რჩება, საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი შესაძლოა სტაბილური არ იყოს. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი ბოლო პერიოდში შეუქცევადად მცირდება და არ არის გამორიცხული, მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდეს კიდეც. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, შესაძლოა, ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდეს, რაც ინფლაციურ ზეწოლას მოახდენს ფასებზე. სებ-მა ოქტომბერში ლარის კურსის დასტაბილურებისათვის 160 მლნ დოლარი გამოიტანა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ფუნდამენტური ფაქტორების გათვალისწინებით ლარის კურსი წონასწორულ მდგომარეობაშია და შემდგომი გაუფასურება დიდწილად მოლოდ მოლოდინების არხით იქნება გამოწვეული“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.