საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულების საქმის პროკურორი - კონკრეტული სახელ-გვარი გამოძიებაში არ ფიგურირებს, მიხეილ სააკაშვილის შესახებ პირველად დღეს, სასამართლოზე გავიგე
საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულების საქმის პროკურორი - კონკრეტული სახელ-გვარი გამოძიებაში არ ფიგურირებს, მიხეილ სააკაშვილის შესახებ პირველად დღეს, სასამართლოზე გავიგე

მიმდინარეობს გამოძიება მიგრანტის შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით, ვითარება, რაც იახტაზე დახვდა სასაზღვრო პოლიციას, ეჭვს ბადებდა და მიუთითებდა, ხომ არ ჰქონდა ადგილი საქართველოში მიგრანტების შემოყვანას, – ამის შესახებ უკრაინის ორი მოქალაქისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის საქმის პროკურორმა, ვლადიმერ თურმანიძემ განაცხადა.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთას ედავება.

ბრალდების მხარის ცნობით, აღნიშნული პირები 28 ნოემბერს ხსენებული პირები შემოვიდნენ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველის ტერიტორიულ წყლებში, გაჩერდნენ ბათუმის თვალთახედვის არეში, რაც შეამჩნია სანაპირო დაცვის პოლიციამ, მას შემდეგ, რაც არ გამოვიდნენ კავშირზე, მოხდა მათი გადამოწმება. ბრალდების მხარის ცნობით, ამის შემდეგ აღნიშნული პირები წავიდნენ თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.

„სადღაც სამი-ოთხი წუთი ჰქონდათ დარჩენილი, რომ გადასულიყვნენ. ისინი დააკავეს სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა. აცხადებენ, თითქოს ეს იყო მშვიდობიანი გავლის უფლება, რასაც არ ვეთანხმებით, ვინაიდან საზღვაო კოდექსი პირდაპირ აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი გავლა გულისხმობს სწრაფად, შეუჩერებლად, ერთი ადგილიდან მეორეში გავლას და არა შეჩერებას, თუ უკან დაბრუნებას. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, ცდილობდნენ გაქცევას, გადაჭრეს ბაგირი, არ გამოდიოდნენ კავშირზე. ისინი ვალდებულნი იყვნენ, სანავიგაციო სისტემები გამოეყენებინათ, ნებართვა აეღოთ სანაპირო დაცვის წარმომადგენლებისგან. გამოძიება სრულყოფილად გრძელდება. ყველა ვერსია უნდა გადამოწმდეს. მათ შორის, მიმდინარეობს გამოძიება მიგრანტის შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით. ის ვითარება, რაც იახტაზე დახვდა სასაზღვრო პოლიციას, იყო ჰიდროციკლი, ჰიდროკოსტიუმი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებდა და მიუთითებდა, ხომ არ ჰქონდა ადგილი საქართველოში მიგრანტების შემოყვანას. კონკრეტული სახელ-გვარი გამოძიებაში არ ფიგურირებს. მე პირველად გავიგე მიხეილ სააკაშვილის შესახებ დღეს, დარბაზში. მსგავსს არავინ ედავება. ისინი უკანონოდ დაკავებულები არ არიან. ისინი არიან პირები, რომლებიც უკანონოდ შემოვიდნენ. გამოძიება მიმდინარეობს 344-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა ვლადიმერ თურმანიძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქე, ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი, ასევე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი პატიმრობაში დატოვა.