საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერის ანა, მიქელაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებული საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათ, ვინც არ არის საკონსულო აღრიცხვაზე ან არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, შეუძლიათ, საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაცია 2018 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით გაიარონ.  საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა მოსაკრებლის გადახდას არ ითვალისწინებს. მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება ელექტრონულად, საკონსულოს ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ.

„რაც შეეხება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების განთავსებას, ცესკო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში გეგმავს საარჩევნო უბნების გახსნას. კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები არაუგვიანეს 28 სექტემბრისა შეიქმნება და მათი მისამართები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი იქნება ცესკო-ს ვებგვერდზე. მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ფუნქციონირებას, საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს შეეძლებათ საუბნო საარჩევნო კომისიებში მისვლა და საარჩევნო რეგისტრაციის გავლა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ამასთან,  საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ონლაინ ჩათის მეშვეობით ცესკო-ს ნებისმიერ საარჩევნო საკითხზე მიმართონ ან დაუკავშირდნენ სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ნომერზე: +599 32 2 51 00 51.