საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში საქართველოს მოქალაქის პასპორტს უფასოდ მიიღებენ
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში საქართველოს მოქალაქის პასპორტს უფასოდ მიიღებენ

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში საქართველოს მოქალაქის პასპორტს სრულიად უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, აქცია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„ჩვენ შარშან საკონსულოებში გვქონდა აქცია, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის და პირადობის დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის – ეს არის არა პირადობის ელექტრონული მოწმობა, არამედ პასპორტი, გაიცემოდა 50 დოლარად. ეს არის ამ დოკუმენტის ღირებულების 70-პროცენტიანი ფასდაკლება და ამ აქციით 5000-მა პირმა ისარგებლა.

თუმცა, უკვე შემიძლია დავაანონსო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თვეში – ანუ მაისში, მთელი ერთი თვე და იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერის, ჩვენი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა უფასოდ – ეს არის კიდევ ერთი აქცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთი აქციის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებს შეეხება. მინისტრის თქმით, ის მოქალაქე, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე სრულიად უფასოდ მიიღებს. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.