საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის სახელმწიფო უახლესი ტიპის რადიოკავშირის სისტემას შეიძენს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის სახელმწიფო უახლესი ტიპის რადიოკავშირის სისტემას შეიძენს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უახლესი ტიპის რადიოკავშირის სისტემით აღიჭურვება. ახალი სისტემა ზღვაზე ძებნა–გადარჩენისა და გემების მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს საშუალებას მისცემს, ძებნა–გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობ პროდუქტებით გამოწვეული დაბინძურების ლიკვიდაციის ოპერაციები გაცილებით ეფექტურად და სწრაფად განახორციელოს.

თანამედროვე ტექნიკის შეძენის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა და იტალიური კომპანიის ELMAN S.R.L-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მანუელა რონდონმა ხელი მოაწერეს საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ახალი საზღვაო რადიო კავშირის სისტემის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას.

თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის მიზნით გამოცხადებული იყო საერთაშორისო ელექტრონული ტენდერი, რომელშიც გამარჯვებულად იტალიური კომპანია ELMAN S.R.L. გამოვლინდა

ELMAN S.R.L. არის კომპანია, რომელიც რადიო კომუნიკაციის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და თავდაცვის სისტემების დიზაინის განვითარების და რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ბაზარზე 40 წელია მოქმედებს.