საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადას გაუხანგრძლივებს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადას გაუხანგრძლივებს

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადას გაუხანგრძლივებს.

აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგად საზღვაო სფეროში ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად მეზღვაურთა გემზე შეცვლის პროცესი რჩება.

„შექმნილი გამოწვევიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა რეგულაციები, რომელთა მიზანსაც ქართველი მეზღვაურების ინტერესების დაცვა და მათთვის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადიანობის გაგრძელება წარმოადგენს“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით:

  • ყველა მეზღვაურის საბუთი (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატიკვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი), რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, ავტომატურად ჩაითვლება ექვსი თვის ვადით გაგრძელებულად, სააგენტოსთვის ოფიციალურად მიმართვის გარეშე;
  • გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც ამოიწურა 2020 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ავტომატურად იქნება გაგრძელებული ექვსი თვის ვადით;
  • მეზღვაურებს, რომელთა კომპეტენციის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მოქმედების ვადა ეწურებათ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მოქმედებს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვები და რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ან დარეგისტრირდებიან სერტიფიკატის გასაახლებლად საჭირო კურსებზე სააგენტოს მიერ აღიარებულ მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრში, რომელთა ჩატარებაც შეიზღუდა კორონავირუსის გამო, შეუძლიათ სერტიფიკატის გასაახლებლად გააკეთონ განაცხადი 2020 წლის 22 აპრილიდან. სააგენტო ყველა ასეთ მეზღვაურზე გასცემს შესაბამისი ვადიანობის სერტიფიკატებს, კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ უფლებით სარგებლობისთვის მეზღვაური ვალდებულია წარადგინოს მტკიცებულება, რომ იგი დარეგისტრირებულია შესაბამის საწვრთნელ ცენტრში, შესაბამის საწვრთნელ კურსზე.

„ყველა ასეთ სერტიფიკატზე დადგინდება ვალდებულება, რომ მართვის/ექსპლუატაციის დონის მეზღვაური სერტიფიკატის გაცემიდან ექვსი თვის ვადაში, ხოლო რიგითი შემადგენლობა ცხრა თვის ვადაში, ვალდებულია გაიაროს შესაბამისი საწვრთნელი კურსი. თუ მეზღვაური ამ ვადაში წვრთნას არ გაივლის, გაცემული სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება.

საზღვაო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, წინამდებარე პუნქტით დადგენილი პირობები არ ეხებათ იმ მეზღვაურებს, რომელთა სერტიფიცირებაც შესაბამის თანამდებობაზე პირველად ხორციელდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამდივნოს მეშვეობით დაიგზავნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.