საზღვაო დეპარტამენტის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში, სახელმწიფოს დახმარებით, სამშობლოში 200-ზე მეტი მეზღვაური დაბრუნდა​ ​
საზღვაო დეპარტამენტის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში, სახელმწიფოს დახმარებით, სამშობლოში 200-ზე მეტი მეზღვაური დაბრუნდა​ ​

„კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით, 200-ზე მეტი მეზღვაური დაბრუნდა სამშობლოში, – ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ათეულობით მეზღვაურის ქეისს სწავლობს და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობით ხელს უწყობს ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების პროცესს.

სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით, დღეს მეზღვაურები პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ვირუსთან ბრძოლაში. საზღვაო ტრანსპორტით მსოფლიო ტვირთების 90 პროცენტი გადაიზიდება და შექმნილი კრიზისის გამო, მეზღვაურებს ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა, რათა მსოფლიო ლოგისტიკურმა ჯაჭვმა შეუფერხებლად იმუშაოს.

„ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი მეზღვაურების როტაციისა და რეპატრიაციის პროცესი მაქსიმალურად შეუფერხებლად განხორციელდეს. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გაქვს საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან გემებზე ეკიპაჟის ქართველი წევრების როტაციის უზრუნველსაყოფად. მათი სამშობლოში ტრანსპორტირების ორგანიზებისათვის ბევრი ფაქტორი და დეტალია გასათვალისწინებელი და შესათანხმებელი პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის გემთმფლობელებთან და იმ ქვეყნების მთავრობებთან, რომელთა ტერიტორიაზეც ხდება მეზღვაურთა გადაადგილება“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი საზღვაო ქვეყანაა, რომელმაც ჯერ კიდევ მარტიდან დაიწყო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიერ პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეგულაციების ადაპტირება და კრიზისის საპასუხო ნაბიჯების გადადგმა საზღვაო სექტორის გამართული მუშაობის, აგრეთვე უცხოეთში დასაქმებული ქართველი მეზღვაურების შრომითი პირობების შესამსუბუქებლად.

დატოვე კომენტარი