სოზარ სუბარი - 21 აპრილის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან ერთად იქნება მსჯელობა, რა ამკრძალავი ღონისძიებები გაგრძელდება, რა შემსუბუქდება ან პირიქით, დამძიმდება
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დაემორჩილონ აკრძალვებს და დღემდე მიღწეული შედეგი წყალში არ ჩაიყაროს.
მისივე თქმით, მსუბუქი მანქანების აკრძალვის გადაწყვეტილება 21 აპრილამდეა ძალაში, ვინაიდან სწორედ 21 აპრილს სრულდება საგანგებო მდგომარეობა.
სუბარის განმარტებით, 21 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად, იმსჯელებენ, რა ტიპის ამკრძალავი ღონისძიებები გაგრძელდება, რა შემსუბუქდება ან პირიქით – დამძიმდება.
„საქმე კარგად ნამდვილად არ არის, ჩვენ ახლა ვართ გადასული ფართო შიდა გავრცელების ეტაპზე, და ახლა გვმართებს ყველაზე მეტი ყურადღება. რაც ამდენი ხანი მოვითმინეთ ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოება, ის ახლა არ უნდა ჩავყაროთ წყალში, არ უნდა გავატანოთ ამდენი ხნის ნაჯაფი და ნაშრომი წყალს. ეს არის აუცილებელი ჩვენი სიცოცხლისთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც, ეკონომიკის მალე გამოსაყვანად შოკიდან. ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაბმული. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება არის 21 აპრილამდე. მხოლოდ იმიტომ 21-მდე, რომ 21-ში მთავრდება საგანგებო მდგომარეობა, შემდგომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად, რაზეც უკვე განცხადება გაკეთებულია პრემიერ-მინისტრის მიერ, იქნება მსჯელობა, რა ტიპის ამკრძალავი ღონისძიებები გაგრძელდება, რა შემსუბუქდება ან პირიქით, რა დამძიმდება“ , – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
კითხვაზე, „მსუბუქი მანქანების მოძრაობის შეზღუდვა 21 აპრილის შემდეგაც შეიძლება, გაგრძელდეს?“, სუბარმა უპასუხა, რომ ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა არ გამორიცხა, ასეც მოხდეს.
„წინასწარ ამას, ბუნებრივია, ვერ ვიტყვი. იდეაში, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, შეიძლება, ასეც გაგრძელდეს, შეიძლება, ახალი რამეც დაემატოს, ამაზე წინასწარ არ მგონია, ღირდეს საუბარი“ , – დასძინა სოზარ სუბარმა.