საზაფხულო ლიგა გოგას შანსია - ამერიკული გამოცემა ბითაძის მომავალზე წერს #1TVSPORT
საზაფხულო ლიგა გოგას შანსია - ამერიკული გამოცემა ბითაძის მომავალზე წერს #1TVSPORT

NBA-ის 2021 წლის საზაფხულო ლიგა 9 აგვისტოს აიღებს სტარტს და 16 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. მასში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ეს მინი ტურნირი ახალგაზრდა მოთამაშეებს აძლევს დიდ შესაძლებლობას, რომ წარმოაჩინონ თავიანთი უნარები, რომლის შემდეგაც ზოგიერთ მათგანს გუნდები კონტრაქტებს შესთავაზებენ, ზოგიერთს კი შემდეგი სეზონისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემენ.

ასეთ მოთამაშეებს შორისაა „ინდიანა პეისერსის“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე. 22 წლის კალათბურთელი ორი სეზონია ამტკიცებს, რომ განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ იმ კონკურენციის გამო რაც ამ გუნდშია, თავის გამოჩენის საშუალება ბოლომდე არ ეძლევა.

გოგა ბითაძის შანსებსა და საზაფხულო ლიგის მნიშვნელობას ძალიან კარგად აღწერს ამერიკული გამოცემა 8points9seconds. ავტორი ქართველი კალათბურთელის შესაძლებლობებზე საუბრობს და ამბობს, რომ საზაფხულო ლიგაზე მისმა თამაშმა, წუთების გამომუშავების გარდა, შესაძლოა, სხვა გუნდების ყურადრებაც მიიქციოს. 8points9seconds-ის სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

NBA-ის 2021 წლის სეზონის დაწყებამდე „ინდიანა პეისერსის“ ცენტრი, გოგა ბითაძე, საზაფხულო ლიგის შემადგენლობაში მოხვდა. გოგა პირველ ორ სეზონში სათადარიგო სკამიდან კარგად ერთვებოდა, ეს ზაფხული კი მისთვის დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს, რომ ბევრი რამ დაამტკიცოს.

208 სანტიმეტრის აიზეა ჯექსონი კენტუკიდან, რომელიც NBA-ის 2021 წლის დრაფტზე აირჩიეს, გოგას მოსვენების საშუალებას არ მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონი საზაფხულო ლიგის შემადგენლობაში არ მოხვდა (გაცვლა შემდეგ კვირაში გაოფიციალურდება) ის ბითაძისათვის საფრთხეს მაინც წარმოადგენს.

გოგა ბითაძემ საზაფხულო ლიგაზე წუთები უნდა გამოიმუშაოს

აიზეა ჯექსონს ოთხ ნომერზე უფრო შეუძლია თამაში, ვიდრე ცენტრის პოზიციაზე, მაგრამ რთულია იმის წარმოდგენა, რომ „პეისერსმა“ ოთხი მაღალი კალათბურთელით მუდმივად ითამაშოს. ასევე რთულია ამ მოთამაშეებიდან რომელიმეს არჩევა, რადგან ოთხივეს განსხვავებული უნარები აქვთ.

შედარებით უფრო რეალურ სცენარში, „პეისერსმა“ ორივე ცენტრი, მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი უნდა შეინარჩუნოს და რომელიმე ახალგაზრდა მოთამაშეს, სათადარიგო სკამიდან უნდა მისცეს 15-20 წუთი თამაშის შესაძლებლობა.

ტი ჯეი მაკკონელის დაბრუნებითა და სათადარიგო სკამზე ერთი ადგილის დაკავებით, როტაციისთვის სამი ადგილი რჩება თავისუფალი, რომელთა დასაკავებლად ედმონდ სამნერის, ოშეი ბრისეტის, ჯერემი ლემბისა და ჯასტინ ჰოლიდეის გარდა, გოგა ბითაძემ და აიზეა ჯექსონმა უნდა იბრძოლონ. თუ გოგას სურს, რომ გახდეს გუნდის როტაციის ნაწილი, მაშინ მან ეს საზაფხულო ლიგაზე უნდა დაამტკიცოს.

ის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი იქნება პარკეტზე და NBA-ში მიღებული გამოცდილება გამოადგება. გოგას შეუძლია იყოს ცენტრი, რომელიც კარგად აფარებს დაცვაში და ასევე კარგად შეუძლია შეტევა. ის წინა სეზონში ფარქვეშაც გამოირჩეოდა და რამდენიმე სახალისო ჩატენვაც შემოგვთავაზა.

 

აიზეა ჯექსონის არჩევამ უნდა გამოიწვიოს გოგა ბითაძის მოტივაცია, რომ შეტევაშიც და დაცვაშიც გახდეს უკეთესი. მისი გამონათებები იდეალური იყო, მაგრამ ეს არც ისე ხშირად ხდებოდა. იმედია, რომ საზაფხულო ლიგაზე თამაში მას თვითრწმენას კიდევ უფრო შემატებს.

ამ ზაფხულმა, შესაძლოა, გოგასთვის სხვა კარიც გააღოს. თუ ის კარგად წარმოაჩენს თავს, შეიძლება სხვა გუნდებმაც შეამჩნიონ, გაცვლის შემდეგ კი გახდეს ახალი გუნდის როტაციის ნაწილი და მიიღოს ის სათამაშო დრო, რომელიც მას სჭირდება. ვფიქრობ, რომ მან კარგი თამაშები ჩაატარა „ინდიანაში“, მაგრამ ამ პოზიციაზე კონკურენციამ მისი განვითარება გაართულა.

რა თქმა უნდა, საბონისისა და ტერნერის მსგავს მოთამაშეებთან ერთად თამაში კარგია, მაგრამ უკეთესია, როცა შესაძლებლობა გაქვს ამის შემდეგ შენი უნარები პარკეტზე წარმოაჩინო. ამ ეტაპზე კი „პეისერსს“ ამ შესაძლებლობის მიცემა არ შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ თუ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

NBA-ში, შესაძლოა, იყვნენ გუნდები, რომლებსაც გოგა დამხმარე ცენტრად გამოადგებათ და შეუძლიათ „ინდიანას“ ბითაძის სანაცვლოდ კარგი რამ შესთავაზონ. მისი ფასი მაილს ტერნერზე ბევრად დაბალია, გოგას კი შეუძლია ტერნერის მგავსად განვითარება.

NBA-ის საზაფხულო ლიგა 9 აგვისტოს, ლას ვეგასში დაიწყება. „ინდიანა“ საინტერესო შემადგენლობით წარსდგება, სადაც იქნებიან კრის დუარტე, რომელიც „ინდიანამ“ პირველ წრეში აირჩია, ოშეი ბრისეტი, გოგა ბითაძე და ა.შ. ეს ტურნირი გოგა ბითაძისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მანდ უნდა დაამტკიცოს, რომ შემდეგ სეზონში უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.“

საზაფხულო ლიგის პირველ მატჩს „ინდიანა პეისერსი“ 9 აგვისტოს, „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ გამართავს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბითაძემ ზურგის ტრავმის გამო პირველი ორი ვარჯიში გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძის გარდა, საზაფხულო ლიგაზე სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილიც მიიღებენ მონაწილეობას.