ამერიკული მედია ტერნერის გაცვლასა და ბითაძის სათამაშო დროის ზრდას განიხილავს #1TVSPORT
ამერიკული მედია ტერნერის გაცვლასა და ბითაძის სათამაშო დროის ზრდას განიხილავს #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სუპერფინალის მატჩები მიმდინარეობს, გუნდები კი პარალელურად ახალი სეზონისთვის ემზადებიან და გაძლიერებაზე ფიქრობენ. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც „ინდიანა პეისერსია“, სადაც საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე თამაშობს. 22 წლის კალათბურთელს თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი პროგრესი აქვს და მის სადებიუტო სეზონთან შედარებით, მეორე წელი ნამდვილად გამორჩეული ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ „პეისერსმა“ წინა სეზონში პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა, რადგან პლეი-ინში „ვაშინგტონთან“ დამარცხდა. გუნდს უიღბლო სეზონი ჰქონდა – მთელი წლის განმავლობაში ლიდერები აკლდა, რის გამოც სასურველ მიზანს ვერ მიაღწია. ამ ყველაფრის შემდეგ კი კევინ პრიტჩარდმა გუნდიდან ნეიტ ბიორკგრენი გაუშვა და მთავარ მწვრთნელად რიკ კარლაილი დანიშნა, რომელსაც ახალი ხედვები და უფრო მაღალი მიზნები აქვს.

ცნობილი ამერიკული გამოცემა 8points9seconds „ინდიანას“ გაცვლების გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც გუნდი, შესაძლოა, დაცვაში საკმაოდ გაძლიერდეს. გამოცემის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მაილს ტერნერი კლუბიდან წავა, „პეისერსს“ შეუძლია რამდენიმე კალათბურთელი დაიმატოს, რომლებიც პერიმეტრის კარგი დამცველები არიან და ასეთ შემთხვევაში გოგა ბითაძეს უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

„გოგა ბითაძემ, რომელსაც წინა სეზონში რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, დაამტკიცა, რომ ფარის სოლიდური დამცველია, ისეთი როგორც მაილს ტერნერი იყო ახალგაზრდობაში. შესაბამისად ტერნერის გაცვლა და ბითაძის სათამაშო დროის ზრდა, შესაძლოა, არ იყოს ცუდი ვარიანტი“.

ბითაძე 2020-21 წლების სეზონში საშუალოდ 12.5 წუთში 5.1 ქულას, 3.3 მოხსნას, 0.8 პასსა და 1.2 დაფარებას აგროვებდა.