ტაიმაუტი | გოგა ბითაძე - უფრო დიდი ნაბიჯებით წინსვლა უნდა დავიწყო, რისი შესაძლებლობა და რესურსებიც მაქვს #1TVSPORT
ტაიმაუტი | გოგა ბითაძე - უფრო დიდი ნაბიჯებით წინსვლა უნდა დავიწყო, რისი შესაძლებლობა და რესურსებიც მაქვს #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემას „ტაიმაუტი“ დღეს საქართველოს ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ ახალგაზრდა ცენტრი გოგა ბითაძე სტუმრობდა, რომელმაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა და განვლილი სეზონიც შეაფასა. გოგამ სადებიუტო სეზონთან შედარებით საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა, რასაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაც აღნიშნავს და ამერიკულ მედიაშიც საკმაოდ ხშირად იწერება ამის შესახებ.

„რთული არის როგორც მოთამაშისთვის, ჩემ თავზე და სეზონზე ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთი ნაბიჯი წინ გადავდგი. შეიძლება არ იყო ეს დიდი ნაბიჯი, მაგრამ მწვრთნელის ნდობასა და წუთების დამსახურებას დრო სჭირდება და ვფიქრობ, რომ აქედან უნდა დავიწყო უფრო დიდი ნაბიჯებით წინსვლა, რისი შესაძლებლობა და რესურსებიც მაქვს და იმედია ასეც იქნება.“

ბითაძის პოზიციაზე გუნდში უდიდესი კონკურენციაა. შეგახსენებთ, რომ „პეისერსის“ რიგებში მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი ირიცხებიან. ქართველმა კალათბურთელმა მათ შესახებაც ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ ასეთი კონკურენცია განვითარებისთვის კარგია.

„ტერნერმა და საბონისმა რომც არ გასწავლონ, მათთან ერთად ვარჯიში და მათი ყურება დიდი გამოცდილებაა და ვფიქრობ, რომ ეს მეხმარება. კონკურენციაც კარგია, რადგან ეს გიბიძგებს, რომ უფრო მეტი ივარჯიშო, მაგრამ რთულია, რადგან ორივე ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა, შესაბამისად უფრო და უფრო მეტი ვარჯიში მჭირდება, რომ მათ დონემდე მივიდე და შემდეგ მათზე უკეთესი გავხდე.“

გოგამ შეტევაში მის როლზეც ილაპარაკა და „პეისერსის“ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელით, ნეიტ ბიორკგრენით უკმაყოფილება არ დამალა.

„ჩემი როლის გაზრდა შეტევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, უბრალოდ რასაც მწვრთნელი მთხოვს ვცდილობ, ის შევასრულო და არ ვცდილობ რამის ფორსირება გავაკეთო, რაც შეიძლება მინუსად ჩაითვალოს NBA-ში, შესაბამისად მაგაზეც ბევრი მაქვს სამუშაო, უფრო აგრესიული უნდა ვიყო და დაცვაში კარგი თამაში უნდა გავაგრძელო, რაც ჩემი დადებითი მხარეა, ეს ყველაფერი კი მეტი თამაშიდან და გამოცდილებიდან მოდის, შესაბამისად ვფიქრობ, რომ დრო ყველაფერს კარგად დაალაგებს. მწვრთნელზე განაწყენებული, რა თქმა უნდა ვარ, რადგან როცა ფიქრობ რომ მეტი შეგიძლია და მწვრთნელი არ გაძლევს ამის საშუალებას რაღაც მიზეზების გამო, შენთვის უკვე არ აქვს ამ მიზეზებს აზრი. ფსიქოლოგიურად ისეთი სკოლა გამოვიარე სერბეთში, სადაც მაქსიმალურად ცდილობენ ამ მხრივ გაგტეხონ, შესაბამისად მიჩვეული ვარ ასეთ ფსიქოლოგიურ წნეხს და ამ მხრივ ძალიან კარგად ვარ.“

ახალგაზრდა ცენტრმა მომავალი სეზონის შესახებაც ილაპარაკა. ის უკვე ესაუბრა „ინდიანას“ ახალ მწვრთნელს, რიკ კარლაილს, რომელმაც ბითაძეს სამქულიანებში ვარჯიში ურჩია.

ნეიტ ბიორკგრენი დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ, როგორც კი სეზონი დასრულდა გაათავისუფლეს და ვფიქრობ, რომ მენეჯმენტი დიდად არ იყო კმაყოფილი, რადგან გუნდი ამდენი წელია გადის პლეი-ოფში და წელს ჩვენთვის ცუდი სეზონი იყო და ვფიქრობ, რომ რაღაც ცვლილებები უნდა მოხდეს, მაგრამ „ინდიანა“ ამ მხრივ არ არის გამორჩეული და სავარაუდოდ, თითქმის იგივე გუნდი შენარჩუნდება. როგორც იცით, მწვრთნელიც შეიცვალა და რიკ კარლაილი დაინიშნა, რაც უკვე დიდი ნაბიჯია. ახალ მწვრთნელთან უკვე ვისაუბრეთ. მან მითხრა, რომ ვარჯიში უნდა გავაგრძელო და უფრო მეტი უნდა ვიმუშაო სამქულიანების სროლაზე, რაც ვფიქრობ რომ შემიძლია. რაც შეეხება რიკ კარლაილს, ის ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია, პატივს ვცემ მას, მინახავს მისი გაწვრთნილი გუნდი და როგორც ახსენეთ, ევროპელების მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს და იმედია ეს ჩემთვის დადებითი სიახლე იქნება.“

ბითაძემ „ტაიმაუტთან“ ტრავმის შესახებაც ისაუბრა. ამ მხრივ კარგი მდგომარეობაა – გოგა საზაფხულო ლიგაში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

„პირველი წელი ძალიან რთული იყო, ფაქტიურად 20 პროცენტით ვთამაშობდი, სირბილი არ შემეძლო ისე ვიყავი, მაგრამ გაჩერება ძნელი იყო, რადგან როცა თამაში გინდა, რთულია, შენი თავი გააჩერო. წელს შედარებით კარგად ვიყავი, 100 პროცენტით ჯანმრთელი არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ფეხების გაძლიერებაზე ვვარჯიშობ, რომ ამ პრობლემამ აღარ შემაწუხოს და შემდეგ სეზონს ბოლომდე მზად უნდა შევხვდე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც კი ჩამოვედი ვარჯიში დავიწყე, დაახლოებით 2-3 დღე დავისვენე და დავიწყე ფიზიკური დატვირთვები. ახლა ვაპირებ რომ დავბრუნდე ინდიანაში, დავიწყო ვარჯიში, მოვემზადო საზაფხულო ლიგისთვის, რაც არ მომიწია პირველი ორი წელი და შემდეგ უკვე დავრჩები ინდიანაში, რომ დავიწყო სეზონისთვის მომზადება და საუკეთესო ფორმაში შევხვდე.“