ბითაძემ თითქმის ყველა მაჩვენებელი გააუმჯობესა - NBA გოგას სეზონს აფასებს #1TVSPORT
ბითაძემ თითქმის ყველა მაჩვენებელი გააუმჯობესა - NBA გოგას სეზონს აფასებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ ახალგაზრდა ცენტრს, გოგა ბითაძეს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, რაზეც მისი სტატისტიკა მეტყველებს. 21 წლის კალათბურთელმა მის სადებიუტო სეზონთან შედარებით თითქმის ყველა მაჩვენებელი გააუმჯობესა. NBA-მ თავის ოფიციალურ გვერდზე ბითაძის ეს სეზონი ვრცლად შეაფასა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

„შემდეგში, როცა ბითაძე რეგულარულ სეზონში ითამაშებს, ეს იქნება მისთვის მე-100 საიუბილეო მატჩი NBA-ში. გოგა დარწმუნებულია, რომ ის მხოლოდ პროგრესისკენ უნდა წავიდეს.

სადებიუტო წელს, როცა მას ნეიტ მაკმილანი წვრთნიდა, ბითაძემ 54 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ის მთელი სეზონის განმავლობაში საშუალოდ 8.7 წუთს თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ მან აჩვენა თუ რა შეუძლია, ქართველმა კალათბურთელმა სათანადო შეფასებისათვის საკმარისი დრო ვერ მიიღო.

2020/21 წლების სეზონში, მაშინ როცა „ინდიანა“ მჭიდრო გრაფიკმა და ტრავმებმა შეაწუხა, ბითაძემ თავისი ნატვრა აისრულა. 213 სანტიმეტრის სიმაღლის კალათბურთელმა თითქმის ყველა კარიერული მაჩვენებელი გააუმჯობესა.

ბითაძემ სასტარტო შემადგენლობაში ამ სეზონში 3-ჯერ ითამაშა და ძირითადად მატჩში სათადარიგო სკამიდან ერთვებოდა. გოგა საშუალოდ 12.5 წუთს თამაშობდა. მან „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ ბოლო დაპირისპირებაში 29 წუთი და 52 წამი ითამაშა, სადაც 10 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება გამოიმუშავა.

მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრებს არ მოსწონთ მისი შეტევაში თამაში (საშუალოდ 5.1 ქულა შეხვედრაში) მან დაცვაში მოუმატა, რასაც „ინდიანას“ მთავარი მწვრთნელი ნეიტ ბიორგკრენი დადებითად აფასებს.

21 წლის კალათბურთელის დაფარებების საშუალო მაჩვენებელი პირველი სეზონის შემდეგ 0.7-დან 1.3-მდე გაიზარდა. 36 წუთში კი ის საშუალოდ 3.9 დაფარებას ასრულებდა (სადებიუტო წელს 2.8 დაფარება ჰქონდა). მან 18 შეხვედრაში ერთზე მეტი დაფარება დააგროვა და ორჯერ 5 დაფარება შეასრულა (მემფისთან და „სან ანტონიოსთან). ეს კი წელს „პეისერსის“ მხოლოდ ორმა კალათბურთელმა მოახერხა – მაილს ტერნერმა (12-ჯერ) და ოშეი ბრისეტმა (ერთხელ).

ახალგაზრდა ცენტრმა მოხსნის საშუალო მაჩვენებელიც 36 წუთში 8.1 მოხსნიდან 9.6 მოხსნამდე გაზარდა. მისი ფარქვეშ პოზიციის შერჩევის და დაცვაში ახლოს თამაშის უნარიც გაუმჯობესდა.

მიუხედავად იმისა, რომ საიმედო დაცვის რგოლის ყოლა სათადარიგო სკამზე სასარგებლოა, მეტი სათამაშო დროის გამოსამუშავებლად, მან უნდა გააგრძელოს განვითარება შეტევით რგოლში. დღეს NBA-ში 3-ქულიანის მსროლელი ცენტრი გუნდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს აიძულებს ფარის დამცველებს ხაზთან გამოვიდნენ, ამით კი მოთამაშეებს სივრცეები ექმნებათ. ამ სეზონში ბითაძემ პერიმეტრიდან სროლის პროცენტული მაჩვენებელი 19-დან 25.3-მდე გაზარდა. ეს პროგრესი კარგია, მაგრამ მას ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება სჭირდება, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ცენტრებმა სამქულიანის ხაზთანაც აიყვანონ.

ბითაძესთვის, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ შემდეგ სეზონს ტრავმის გარეშე ჩაატარებს. კოჭის ტრავმის შემდეგ, რომელიც მან „ინდიანას“ წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის დროს მიიღო, გოგა პირველად რეგულარულის მე-13 შეხვედრაში გამოჩნდა. შუა სეზონში ზედიზედ 20 თამაშის შემდეგ ის „სან ანტონიოსთან“ შეხვედრაში 19 აპრილს ისევ დაშავდა და 7 თამაშის გაცდენა მოუწია.

თუ მისი სტატისტიკა ზრდას განაგრძობს, ის შესაძლოა, გახდეს „ინდიანას“ ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წევრი. სეზონის უკანასკნელ ინტერვიუში ბითაძე თავდაჯერებული იყო, როცა იძახდა, რომ სწორ გზას ადგას.

„ბედნიერი ვარ, რომ შევძელი მეტი სათამაშო დრო დამემსახურებინა. რაც უფრო მეტ დროს მივიღებ, დარწმუნებული ვარ რომ უფრო განვვითარდები და უფრო თავდაჯერებული გავხდები.“