საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვისთვის სამედიცინო დაწესებულებებს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვისთვის სამედიცინო დაწესებულებებს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ

მომავალი წლიდან სელექტიური კონტრაქტირების პირობები ყველა კლინიკაზე გავრცელდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვისთვის სამედიცინო დაწესებულებებს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ. ამის შესახებ სადაზღვევო საკითხებში ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა ლაშა ნიკოლაძემ, კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა.

მისი თქმით, სელექტიური კონტრაქტირების ზუსტი პირობები, სავარაუდოდ, იანვრიდან გახდება ცნობილი. პირობები კლინიკების ხელმძღვანელებთანაც შეთანხმდება და ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ამ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, პროგრამიდან ამოვარდებიან, თუმცა ლიცენზია არ გაუუქმდებათ და საქმიანობას გააგრძელებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის განმარტებით, ახალი წესები როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის, ასევე ადმინისტრაციული დარღვევების მიმართულებით შემუშავდება. სელექტიური კონტრაქტირების წესი აქამდე მხოლოდ დედათა და ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებებისთვის მოქმედებდა.

„სელექტიური კონტრაქტირების პირველი ეტაპი დაწყებულია, ის შეეხება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ნაწილს და იქ მიღებული გამოცდილება როგორც ხარისხობრივ, ასევე ადმინისტრაციული დარღვევების ნაწილში, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული სხვა მიმართულების სამედიცინო სერვისების დაფინანასების დროს.

ერთ-ერთი კრიტერიუმი რომელიც მინისტრმა განსაკუთრებით გამოკვეთა არის ის, რომ თუ ერთი და იგივე ტიპის დარღვევებს კლინიკა სისტემატურად იმეორებს, მას მიეცემა გაფრთხილება და, შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის კონტრაქტიდან გარკვეული პერიოდით ამოიღონ.

თუ, მაგალითად, სამედიცინო ადმინისტრირებაში გარკვეული მომწოდებლები იქცევიან არასამართლიანად, ვთქვათ, იწვევს გარკვეულ ეჭვებს, რომ ხელოვნურად ხდება ფასების მიწერა, რაღაც ინფორმაციის დამალვა, არასწორი ან არადროული მოწოდება, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, სამედიცინო დაწესებულებები შეზღუდული იყვნენ საყოველთაო ჯანდაცვასთან კონტრაქტით“, – განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელთაც ჯანდაცვის სფეროში წელს განხორციელებულ ცვლილებები გააცნო და სამედიცინო დაწესებულებებში დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრა.