საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები შესაძლოა, გადაიხედოს და მომსახურების თვითღირებულებას მიებას
საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები შესაძლოა, გადაიხედოს და მომსახურების თვითღირებულებას მიებას

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები შესაძლოა, გადაიხედოს და ის მომსახურების თვითღირებულებას მიებას, – ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღესვე გადაწყდა, რომ როგორც კლინიკების, ასევე სამინისტროს მხრიდან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც სექტორში მიმდინარე პრობლემების დაძლევის მიმართულებით იმუშავებს.

„შევთანხმდით, რომ მომავალი კვირიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელთაგან ერთი იმუშავებს ტარიფების ღია და გამჭვირვალე ფორმულის დადებაზე და მოხდება ფასთა ინდექსაციის მექანიზმიც. ინდექსაცია შესაძლოა მოხდეს სამ წელიწადში ერთხელ, რაც ასევე მისაღებია. აქ საუბარია მთლიანად საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებულ ტარიფებზე. რადგან გაიზარდა პროდუქციის თვითღირებულება, ამის გამო უნდა დაიდოს ახალი ფორმულა, რომლის მიხედვით მოხდება სრული თუ არა, ნაწილობრივი ასახვა. შესაძლებელია, თვითღირებულებას მიებას ტარიფები“,- აღნიშნა მინდიაშვილმა.

კლინიკების წარმომადგენლების თქმით, შესაძლებელია, კლინიკებს ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადი დაუსუბსიდირდეთ. სექტორის წარმომადგელების განმარტებით, მათ მინისტრისგან მიიღეს დაპირება, რომ საკითხს ეკატერინე ტიკარაძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან განიხილავს.