საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ადმინისტრაციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს
საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ადმინისტრაციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მაია ხომერიკი ვაზისუბნის „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ადმინისტრაციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ მთავარი ექიმი ვახტანგ ჭედია ამბობს, რომ ხელფასების ჩარიცხვის დაგვიანების მიზეზი ის არის, რომ სამედიცინო ცენტრი გასულ წელს 4,5 მილიონი ლარით დაჯარიმდა.

საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაჯარიმებულ ამბულატორიულ დაწესებულებებთან დაკავშირებით 2019 წლის 1-ელ თებერვლამდე მორატორიუმია გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დაწესებულებებისთვის თანხების დაკავების პროცესი შეჩერებულია.

როგორც ხომერიკი ამბობს, შესაბამისად, ბრალდებები, რაც ვაზისუბნის „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ადმინისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ აქვს, აბსურდულია. ასევე სამინისტროში დღეს პირველად გაიგეს ინფორმაცია, რომ აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციას თანამშრომლების მიმართ დავალიანება ჰქონდა.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან გაიფიცნენ ვაზისუბნის „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლები და მედიკოსები, რომლებიც ცენტრის ადმინისტრაციას არასათანადო შრომითი პირობების შექმნასა და ფინანსურ დავალიანებებში ადანაშაულებენ. მედიკოსების თქმით, ზოგს ხელფასები წლებია, ნაწილს კი რამდენიმე თვეა არ აუღია, რის გამოც არსებობის საშუალება არ აქვთ, ამასთან ერთად ისინი ცენტრში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც ამახვილებენ ყურადღებას.

ბრალდებებს უარყოფს კლინიკის მთავარი ექიმი და აცხადებს, რომ თანამშრომლების მიმართ ადმინისტრაციას არანაირი დავალიანება არ გააჩნია. ვახტანგ ჭედიას განცხადებით, რომელიც დღეს საკითხზე მოლაპარაკებებს პროფკავშირების წარმომადგენლებთანაც მართავდა, ხელფასები შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე დღით გვიანდებოდეს. როგორც ჭედიამ განმარტა, დაგვიანების მიზეზი ის არის, რომ სხვადასხვა ბიუროკრატიული დარღვევების გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ცენტრი გასულ წელს 4,5 მილიონი ლარით დააჯარიმა.