საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა
საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა

​საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს შესახებ მოსარჩელეებსა და სახელმწიფოს შორის სამწლიანი დავა დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ მიიღო.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ საყდრისი–ყაჩაღიანთან დაკავშირებით კანონი დაირღვა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლს სტატუსი საფუძვლიანი შესწავლის გარეშე მოუხსნა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სასამართლო პროცესს ობიექტურად აფასებს.

„პირველ ინსტანციაში სააგენტომ, მთავრობის ადმინისტრაციამ და კულტურის სამინისტრომ აბსოლუტური დამაჯერებლობით მოიპოვა გამარჯვება. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იყო წარმოდგენილი, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები მოქმედებდნენ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ან კულტურული მემკვიდრეობის საზიანოდ. სასამართლო პროცესი ჩატარდა ძალიან ობიექტურად. არაერთი ექსპერტი და მოწმე დაიკითხა, მათ შორის, მეც. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნები იყო უსაფუძვლო და არ დაკმაყოფილდა. ეს ხაზს უსვამს, რომ ჩვენ სწორად ვიქცეოდით რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით გამყარებულია“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

პირველი არხის ინფორმაციით, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭოს ის წევრები და დარგის სპეციალისტები დაიკითხნენ, რომელთაც თავის დროზე ჩათვალეს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს გეოლოგიური ქანების აგებულების გამო, მისი ფიზიკური შენარჩუნება შეუძლებელი იყო. სასამართლო განხილვებისას შედგა გასვლითი სხდომა, რომლის დროსაც ყველა მტკიცებულება ადგილზე გადამოწმდა.