სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის აფთიაქების ჩამონათვალი გაიზარდა
სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის აფთიაქების ჩამონათვალი გაიზარდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ იმ აფთიაქების ჩამონათვალი გააფართოვა, სადაც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად შეუძლიათ.

სახელმწიფო პროგრამით მოსარგეებლებმა მედიკამენტების მისაღებად ხუთი აფთიაქიდან ერთ-ერთს უნდა მიაკითხონ. ესენია: „პეესპე“, „ავერსი“, „ჯიპისი“ , „ფარმადეპო“ და „სახალხო აფთიაქი“.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები და სამომავლო გეგმები ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოებას პირადად გააცნო. დავით სერგეენკომ პროგრამის შედეგები და არსებული გამოწვევებიც მიმოიხილა.

სახელმწიფო პროგრამა ბენეფიციარებს ექვსი წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტს უფინანსებს, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ხელმისაწვდომი მედიკამენტებისა და დაავადებების ნუსხა ეტაპობრივად გაფართოვდება.

პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკულ დაავადებებს:

გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II);
ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა);
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
ეპილეფსია;
პარკინსონის დაავადება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით მოსარგეებლეები არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად; ამასთან, 50 პროცენტით და მეტი ოდენობით დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ მიიღებენ საპენსიო ასაკის მოქალაქეები; მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები; პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე; ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.