Save the Children - იემენში 5,2 მილიონ ბავშვს შიმშილი ემუქრება
Save the Children - იემენში 5,2 მილიონ ბავშვს შიმშილი ემუქრება

იემენში 5,2 მილიონ ბავშვს შიმშილი ემუქრება. შესაბამის მონაცემებს საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ი ავრცელებს.

იემენში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე სამი წელია მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე ფასი 68 პროცენტით გაიზარდა, იემენის ეროვნული ვალუტა რიალი კი, 180 პროცენტით გაუფასურდა.

„მილიონობით ბავშვმა არ იცის, როდის მოუწევს საკვების მიღება ან მიიღებს თუ არა საკვებს საერთოდ. ჩრდილოეთ იემენის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც ვიმყოფებოდი, ბავშვები იმდენად დასუსტებული არიან, რომ ტირილიც აღარ შეუძლიათ. მათი სხეული შიმშილის გამო დაუძლურებულია. ომი იემენში ბავშვების მთელი თაობის დაღუპვის საფრთხეს ქმნის. ბავშვები უამრავი საფრთხის წინაშე არიან, დაწყებული ბომბებიდან, შიმშილითა და ქოლერის მსგავსი დაავადებებით დამთავრებული“, – განაცხადა ორგანიზაცია Save the Children-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰელე თორნინგ-შმიდტმა.

საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, იემენში მცხოვრები 36 ათასი ბავშვი შესაძლოა, წლის ბოლომდე დაიღუპოს, თუ საერთაშორისო საზოგადოება მათ სასწრაფოდ არ დაეხმარება.

გაერო-ს მონაცემებით, იემენში მიმდინარე კონფლიქტს 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა ორი მესამედი სამოქალაქო პირია.