სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციით გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს
სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციით გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

ორი ახალგაზრდის ცხედარი, რომელთა გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია განიხილება, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

როგორც ექსპერტიზის ბიუროში პირველ არხს განუცხადეს, ცხედრებს შესაბამისი პროცედურები უტარდებათ.

მათივე ინფორმაციით, გვამების დათვალიერება უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს ნიმუშების აღება. სწორედ ამ ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცების გარდაცვალების მიზეზი.

ორი ახალგაზრდა საკუთარ საცხოვრებლებში გარდაცვლილი დღეს იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, მათ სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ.

შსს მათი გარდაცვალების რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი.