გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შემცირების ფონზე, სსფ-მ პროგნოზი საქართველოსაც შეუმცირა
გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შემცირების ფონზე, სსფ-მ პროგნოზი საქართველოსაც შეუმცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4.8 პროცენტი იქნებოდა, ახალი პროგნოზით კი, 4.3 პროცენტი იქნება.

„პროგნოზის შემცირება 2020 წლისთვის უკავშირდება გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შემცირებას. ბოლო ეკონომიკურ მიმოხილვაში, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შემცირებულია დაახლოებით 0.5 პროცენტით. ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოში ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ვერ დააბალანსებს ამ დანაკლისს“, – განაცხადა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა.

ამასთან, 2019 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6 პროცენტს შეადგენს.

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, მიმდინარე წლისთვის ინფლაციის პროგნოზი 7.2 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთან, ფონდი ინფლაციის კლებას 2020 წელს პროგნოზირებს.