სავალუტო ფონდი - საქართველოში განათლების სექტორში ხელფასები სხვა ღონისძიებების პარალელურად უნდა გაიზარდოს
სავალუტო ფონდი - საქართველოში განათლების სექტორში ხელფასები სხვა ღონისძიებების პარალელურად უნდა გაიზარდოს

საქართველოში განათლების სექტორში ხელფასის მატება შეიძლება ეფექტური იყოს მხოლოდ სხვა ღონისძიებების პარალელურად, რაც განათლების ხარისხის ზრდას ითვალისწინებს და განათლების რეფორმის საფუძვლიან დაგეგმვას მოითხოვს, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის პირველმა მოადგილემ და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დევიდ ლიპტონმა განაცხადა.

„საჯარო განათლებაზე მიმართული მაღალი ხარჯი დაბალანსდება ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ტემპის კლებით. განათლების სექტორში გასაწევ ხარჯთან დაკავშირებით, აღვნიშნავთ, რომ ხელფასის მატება შეიძლება ეფექტური იყოს მხოლოდ სხვა ღონისძიებების პარალელურად, რაც განათლების ხარისხის ზრდას ითვალისწინებს და განათლების რეფორმის საფუძვლიან დაგეგმვას მოითხოვს“, – აღნიშნა ლიპტონმა.

სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ ხელისუფლების რეფორმების გეგმის შესრულების გაგრძელება კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.

„ხელისუფლება ახორციელებს განათლების რეფორმას რათა შეამციროს შეუსაბამობა სამუშაო ძალის უნარჩვევებსა და სამუშაოს მოთხოვნებს შორის. ახალი კანონი გადახდისუუნარობის შესახებ, საპენსიო სააგენტოს სრულად ამუშავება, სამართლებრივი სფეროს ტრანსპარენტულობის და დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფ რეფორმებთან ერთად ხელს შეუწყობს ინვესტიციების მობილიზებას. ენერგეტიკის ბაზრის რეფორმა გაზრდის კონკურენციას ამ ბაზარზე და ხელს შეუწყობს ეფექტურობის ზრდას,“ – განაცხადა ლიპტონმა.