სავალუტო ფონდი - რეგულაციებმა კრედიტის ზრდის ტემპი მდგრად დონემდე დაწია
სავალუტო ფონდი - რეგულაციებმა კრედიტის ზრდის ტემპი მდგრად დონემდე დაწია

საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოში ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებს აფასებენ და მიიჩნევენ, რომ კრედიტის ზრდის ტემპი მდგრად დონემდე დაიწია. ამის შესახებ ფონდის მმართველი დირექტორის პირველმა მოადგილემ და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დევიდ ლიპტონმა განაცხადა.

„კრედიტის გაცემის პირობების გამკაცრებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაწია კრედიტის ზრდის ტემპი მდგრად დონემდე. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, მოქნილ გაცვლით კურსთან ერთად, და სავალუტო ბაზარზე ჩარევები რეზერვების ზრდის მიზნით საქართველოს კარგ სამსახურს უწევს“, – აღნიშნა ლიპტონმა.

სავალუტო ფონდში მიუთითებენ, რომ საქართველოში მონეტარული პოლიტიკა კვლავ მართებულად არის მიმართული ფასების სტაბილურობაზე.

„რადგან ბოლოდროინდელ ფასების მატებას დროებითი ფაქტორები განაპირობებს, ნეიტრალური მონეტარული პოზიციის შენარჩუნება შესაფერისი პასუხია“, – აცხადებს სავალუტო ფონდის წარმომადგენელი.

დევიდ ლიპტონის განცხადებითვე, გონივრული პოლიტიკა და შემდგომი რეფორმები სავალუტო ფონდის პროგრამის შესაბამისად ხელს შეუწყობს მიღწეული შედეგების შენარჩუნებას, გაზრდის ეკონომიკის მედეგობას და უზრუნველყოფს მაღალ და მეტად ინკლუზიურ ზრდას.

დატოვე კომენტარი