სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“  მიმდინარეობს
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“  მიმდინარეობს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ (საჭიროება/კვალიფიკაცია/დასაქმება) მიმდინარეობს, რომელშიც ბიზნეს-სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებიან. კონფერენციის მიზანია დუალური პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ საკითხზე ბიზნესის ჩართულობით მაღალი რანგის დისკუსიის გამართვა.

კონფერენცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო“ შემაჯამებელი ღონისძიებაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის მიზანიც დუალურ პროფესიულ განათლებაში ჩართულ მხარეებს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მიზნით პლატფორმის შექმნა, ასევე, დუალური განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ ტიპის განათლების დანერგვისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება. საბჭოში ჩართული არიან, როგორც საჯარო უწყებების, ასევე დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართა სამი პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საჯარო-კერძო სექტორების წარმომადგენლებმა  საკოორდინაციო საბჭოს როლი და მიზნები განიხილეს. იმსჯელეს პროფესიული განათლების შესახებ კანონის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე (აღნიშნული კანონი 2018 წლის 20 სექტემბრიდან შევიდა ძალაში) და ბიზნესისა და პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობაზე.