კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მარნეულიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა
კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მარნეულიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 73 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 19 კორონავირუსით ინფიცირებულია.

მისივე განმარტებით, ორი პაციენტი უკვე დადასტურებული დიაგნოზით მარნეულიდან გადაიყვანეს.

ტურძელაძის თქმით, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„იყო 17 კორონავირუსით ინფიცირებული და ორი დაგვემატა. ეს ორი არის მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონები. ერთი არის უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი, აპარატზეა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ორივე დადასტურებულია იქ, სწრაფი ტესტის საშუალებით და ჩვენთან მოვიდა როგორც დადასტურებული შემთხვევები. მეორე ქალბატონის მდგომარეობაც მძიმეა, მაგრამ რჩება ინტენსიური თერაპიის ბლოკში“, – განაცხადა ტურძელაძემ.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 21 გამოჯანმრთელებულია.