საუკეთესოებმა კუთვნილი ჯილდოები მიიღეს - ოთხი პრიზი ლოკომოტიველებისაა
საუკეთესოებმა კუთვნილი ჯილდოები მიიღეს - ოთხი პრიზი ლოკომოტიველებისაა

„საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის“ მატჩის დაწყებამდე, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა 2020 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშეებსა და მწვრთნელს სპეციალური პრიზები გადასცეს.

ფედერაციის წარმომადგენლებისგან ოთხი პრიზი „ლოკომოტივის“ წარმომადგენლებმა მიიღეს, ერთი – „საბურთალოს“ ფეხბურთელმა.

ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარის პრიზი გიორგი მამარდაშვილმა მიიღო, საუკეთესო ნახევარმცველის – ბექა დარციმელიამ, საუკეთესო ფეხბურთელის – ირაკლი სიხარულიძემ, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის – გიორგი ჭიაბრიშვილმა.

„საბურთალოდან“ კი პრიზი გუნდის ახალწვეულ თავდამსხმელ თომა ტაბატაძეს ერგო. 29 წლის ფორვარდმა გასული სეზონი „რუსთავში“ ჩაატარა და 13 გატანილი გოლით ლიგა-2-ის ბომბარდირი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს სეზონის საუკეთესოთა დაჯილდოებაის მიზნით ტრადიციული გალა-საღამო არ გამართულა. მიზეზი არსებული რთული ეპიდემოლოგიური მდგომარეობა იყო.