საუდის არაბეთში უფლებადამცველების მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს
საუდის არაბეთში უფლებადამცველების მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს

საუდის არაბეთში უფლებადამცველების მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, სულ მცირე შვიდ დაკავებულს შორის აშშ-ის ორი მოქალაქეა. მათ საუდის არაბეთის და შტატების ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულები მოწინავე აქტივისტები არ არიან, თუმცა ისინი დიდი ხნის განმავლობაში ქალთა უფლებების შესახებ არსებული კანონების რეფორმების აუცილებლობაზე საჯაროდ საუბრობდნენ.

როგორც ცნობილია, ისინი მწერლები და ბლოგერები არიან, რომელთა შემოქმედების გარკვეული ნაწილი სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხებოდა.

„ბიბისი“ უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულებს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ აუკრძალეს ქვეყნის დატოვება, ახლა კი, მათი დაკავებები მიმდინარეობს.

დაკავებულებს შორის არიან: ექვსი მამაკაცი და ერთი ქალი, რომელიც ამჟამად ორსულადაა. ფემინისტი მწერალი, ხადიჯა ალ-ჰარბი ქვეყანაში ქალთა უფლებების გაუმჯობესებაზე აქტიურად წერდა.

ბოლო პერიოდში, საუდის არაბეთში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, უფლებადამცველი ორგანიზაციები კვლავ რიგი უხეში დარღვევების შესახებ იუწყებიან. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, გენდერული თანასწორობის მხრივ საუდის არაბეთი 149 ქვეყნიდან 141-ე ადგილზე მოხვდა.

ახლო აღმოსავლეთის სამეფოში ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობა, საბანკო ანგარიშის შექმნა ან დაქორწინება უახლოესი მამაკაცი ნათესავის თანხმობის გარეშე დღემდე არ შეუძლიათ.