საუდის არაბეთში დააჯარიმებენ პირებს, რომლებიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მოგზაურობის ისტორიას დამალავენ
საუდის არაბეთში დააჯარიმებენ პირებს, რომლებიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მოგზაურობის ისტორიას დამალავენ

საუდის არაბეთში დააჯარიმებენ იმ პირებს, რომლებიც სამეფოში შესვლისას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მოგზაურობის ისტორიას დამალავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აღნიშნული ზომა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებშია მიღებული.

ჯარიმა 500 ათასი რიალით (133 ათასი დოლარით) არის განსაზღვრული.

საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ ნაწილში, ნავთობით მდიდარ ქატიფის პროვინციაში კარანტინი გამოაცახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 დადასტურებული შემთხვევიდან უმეტესობა ქატიფის პროვინციაშია გამოვლენილი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან რამდენიმე საუდის არაბეთში ირანიდან, სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნის გავლით შევიდა და მოგზაურობის ისტორია დამალა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საუდის არაბეთმა 14 ქვეყანასთან მიმოსვლა შეაჩერა, მათ შორის არიან მეზობელი არაბული სახლემწიფოები, ასევე საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია და თურქეთი.

„ყველა მოგზაური, რომელიც სამეფოში საერთაშორისო რეისებით ჩამოდის, ვალდებულა, პატივი სცეს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო მითითებებს“, – ნათქვამია საუდის არაბეთის პროკურორის განცხადებაში.

ამასთან, ადგლობრივი მედიის ცნობით, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონი დოლარი გამოუყო.

კორონავირუსის გავცელების გამო საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მუსლიმების წმინდა ქალაქებში – მექასა და მედიანში პილიგრიმობა აკრძალა.