საუდის არაბეთმა ლიბანის ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთში ლიბანის ელჩი დაიბარეს და ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს.
გარდა ამისა, საუდის არაბეთმა ლიბანიდან ყველა სახის იმპორტზე დააწესა აკრძალვები.
საუდის არაბეთმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ლიბანის ინფორმაციის მინისტრის ვიდეო, რომელშიც ის აცხადებს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები თავს იცავენ, ხოლო ომს იემენში უსარგებლოს უწოდებს. გარდა ამისა, მან იემენის კონფლიქტში საუდის არაბეთის ჩართვას აგრესია უწოდა.
ინფორმაციის მინისტრის ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ განაცხადა, რომ ჯორჯ კორადჰიმ აღნიშნული განცხადებები „ალ-ჯაზიარასთან“ მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა ერთი თვის წინ და ეს არ წარმოადგენს ლიბანის მინისტრთა კაბინეტის პოზიციას.