საუდის არაბეთისგან მხარდაჭერილმა იემენურმა სამხედრო ძალებმა შიიტი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე შეტევა დაიწყეს
საუდის არაბეთისგან მხარდაჭერილმა იემენურმა სამხედრო ძალებმა შიიტი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ იემენის შეიარაღებული ძალების სპიკერმა, გენერალ-მაიორმა მაიედ აბდულა ალ-ნუზალიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებებს ეფუძნება. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც იემენის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაცხადეს განმათავისუფლებელი ბრძოლის დაწყება, რათა სახელმწიფო დაწესებულებები ჰუსიტების კონტროლისგან გაეთავისუფლებინათ.
„ჩვენი შეიარაღებული ძალები, დამტკიცებული გეგმების შესაბამისად, აგრძელებენ სამხედრო ოპერაციებს სხვადასხვა საბრძოლო მიმართულებასა და ფრონტზე. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ჰუსიტთა მილიციის ინფრასტრუქტურის 1 122 სამიზნეზე განახორციელეს იერიში საადას, ალ-ჯაუფისა და თაიზის ტერიტორიებზე. მიღებული მონაცემების თანახმად, ამ ოპერაციების შედეგად განეიტრალდა მილიციის 1 747 წევრი, ხოლო განადგურდა ან მწყობრიდან გამოიყვანეს სამხედრო ტექნიკა, აღჭურვილობა და მომარაგების სატრანსპორტო საშუალებები, სულ 364 ერთეული“, – განაცხადა ალ-ნუზაილიმ.
იემენში ლეგიტიმურობის მხარდამჭერმა კოალიციამ ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს იემენის ძალებისთვის ოპერატიული მხარდაჭერის აღმოჩენას იქამდე, ვიდრე ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები არ აღდგება და „ჰუსიტების“ შეიარაღებული დაჯგუფებისგან მომდინარე საფრთხე არ აღმოიფხვრება.
„ალ-არაბიას“ ცნობით, იემენის სამთავრობო ძალებმა, კაჰბუბის მთებიდან განხორციელებული ფლანგური მანევრის შედეგად, ბაბ-ალ-მანდების მახლობლად მდებარე თუბაბზე დაამყარეს კონტროლი.