საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის უწყების ცნობით, ქვეყნის აეროპორტებზე თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა
საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის უწყების ინფორმაციით, ქვეყნის აეროპორტებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა.
თავდასხმები იემენში ირანის მოკავშირე „ჰუსიტებსა“ და საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებების გამწვავების ფონზე განხორციელდა.
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. აბჰას აეროპორტის ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად კი ორი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.
მანამდე იემენელმა „ჰუსიტებმა“ ადენის საერთაშორისო აეროპორტიც ბალისტიკური რაკეტებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონებით დაბომბეს. იემენის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკთან ჩამოვარდა, კაიროდან რეისის ჩამოფრნამდე რამდენიმე წუთით ადრე.
ცნობისთვის, „ჰუსიტები“ იემენური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს. „ჰუსიტები“ „ანსარ ალაჰს“ უწოდებენ თავს და ირანთან მჭიდრო კავშირები აქვთ. დაჯგუფება ბოლო წლებში სტრატეგიულ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მცურავ გემებს ხშირად ესხმის თავს. გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ მოძრაობამ იემენის წითელი ზღვის მთელ სანაპიროზე დაამყარა კონტროლი.