საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დასავლეთის მიერ სანქციების შესაძლო დაწესებას კიდევ უფრო მკაცრი ზომებით უპასუხებენ
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დასავლეთის მიერ სანქციების შესაძლო დაწესებას კიდევ უფრო მკაცრი ზომებით უპასუხებენ

საუდის არაბეთი დასავლეთის მიერ სანქციების შესაძლო დაწესებას კიდევ უფრო მკაცრი ზომებით უპასუხებს.  „ბლუმბერგის“ ცნობით, ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

„საუდის არაბეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ეკონომიკაში. საუდის არაბეთი უფრო სერიოზული ზომებით უპასუხებს მის წინააღმდეგ რამე ნაბიჯების გადადგმას“, – აღნიშნეს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ერ-რიადი თურქეთში საუდს არაბეთის საკონსულოში ოპოზიციონერი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს მკაცრი სასჯელით დაემუქრა, თუ გაირკვევა, რომ ეს ქვეყანა პასუხისმგებელია ოპოზიციონერი ჟურნალისტის მკვლელობაზე. თუმცა, ამავე დროს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ერ-რიადთან სამხედრო კონტრაქტებს არ გაწყვეტს.

აშშ-ის გარდა, საუდის არაბეთისგან ახსნა-განმარტებები გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოითხოვეს.

დასავლურ ქვეყნებსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტამბოლში სამეფოს საკონსულოში ხაშოგის შესაძლო მკვლელობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ჟურნალისტი, რომელიც გამოცემა The Washington Post-თან თანამშრომლობდა, 2 ოქტომბერს საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ხაშოგი დიპლომატიურ წამომადგენლობაში თურქეთის მოქალაქესთან ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტების გასაფორმებლად იყო მისული. საცოლე მას გარეთ რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა ხაშოგი არ გამოჩენილა.

მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ ერ-რიადი ხაშოგის მკვლელობაში დაადანაშაულა.