საუდის არაბეთის პრინცი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
საუდის არაბეთის პრინცი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საუდის არაბეთის პრინცი სამკვირიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. მიტებ ბინ აბდულა კორუფციის ბრალდებით იყო დაკავებული.

პრინცი მიტები, რომელიც ტახტის ერთ-ერთ მემკვიდრედ მოიაზრებოდა, საპროცესო შეთანხმებით, მილიარდი დოლარის სანაცვლოდ გამოუშვეს.

ის ერთ-ერთია იმ 200-ზე მეტ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს შორის, რომლებიც 4 ნოემბერს, ანტიკორუფციული რეიდის ფარგლებში დააკავეს.

საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან გარიგებაზე წასვლა კიდევ სამმა დაკავებულმა მოახერხა.

პრინცი მიტები, რომელიც სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანის ბიძაშვილია და საუდის არაბეთის ეროვნულ გვარდიას ხელმძღვანელობდა, პოლიტიკურად ყველაზე გავლენიანი ფიგურაა კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში დაკავებულებს შორის.

საუდის არაბეთის პრინცები, რომლებიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს, ციხის ნაცვლად Ritz-Carlton-ის ფეშენებელურ სასტუმროში გამოკეტეს.

ერ-რიადში მდებარე სასტუმრო, რომელშიც პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და მონარქები ჩერდებოდნენ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ციხედ გადააქციეს.