საუდის არაბეთის მეფე გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს
საუდის არაბეთის მეფე გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს

საუდის არაბეთის მეფე გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, უფლისწული მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუდის არაბეთის მეფისა და ტახტის მემკვიდრის ოფიციალური მილოცვები საქართველოს მთავრობის მეთაურს საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირიმ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

„მოხარული ვარ თქვენი აღმატებულებისადმი საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თქვენი ხელახლა დანიშვნით. გულწრფელად გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას. ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებით ძლიერი ურთიერთობები აკავშირებთ. გიდასტურებთ ჩემს სურვილს და მზაობას, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენი ორი მეგობრული ქვეყნისა და ერის ინტერესებისთვის. თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, ხოლო მეგობრულ ქართველ ხალხს შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია საუდის არაბეთის მეფის ოფიციალურ მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრისა და ელჩის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ბოლო წლების განმავლობაში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს.

საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი გახარიას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე (UNTWO) აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით არჩევა მიულოცა. ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პანდემიამდე საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობა. გამოითქვა იმედი, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ამ მხრივ არსებული პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება და გაძლიერდება.