საუდის არაბეთის ხელისუფლება კინოთეატრებზე დაწესებულ 35-წლიან აკრძალვას აუქმებს
საუდის არაბეთის ხელისუფლება კინოთეატრებზე დაწესებულ 35-წლიან აკრძალვას აუქმებს

საუდის არაბეთის ხელისუფლება ქვეყანაში კინოთეატრებზე დაწესებულ 35-წლიან აკრძალვას აუქმებს.  პირველი კინოდარბაზები მომავალი წლის მარტში გაიხსნება. საუდის არაბეთში კინოთეატრები 80-იანი წლების დასაწყისში აკრძალეს.

ჯერ კიდევ იანვარში საუდის არაბეთის მუფტი შეიხ აბდულ ალ-შეიხი აცხადებდა, რომ კინოთეატრები ქვეყანაში მორალურ წეს-წყობილებას უქმნის საფრთხეს. თუმცა დღეს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა კონცეფციის „ხედვა-2030“ ფარგლებში სოციალური და ეკონომიკური რეფორმების გეგმა წარადგინა, რომლის თანახმადაც ,ხელისუფლება ზოგიერთ სფეროზე გავლენას შეასუსტებს. მაგალითისთვის, მომავალი წლიდან ქალებს სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლებას მისცემენ.
ამჟამინდელი რეფორმები გარკვეულწილად განპირობებულია ეკონომიკური მიზეზებით. ნავთობის დაბალი ფასის გამო, ქვეყანა ალტერნატიულ ფინანსურ წყაროებს ეძებს, ერთ-ერთი ასეთია გართობის ინდუსტრია. საუდის არაბეთის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრის ავად ბინ სალეჰის განცხადებით, კინოთეატრების გახსნა ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

„კულტურის სექტორის განვითარებით ჩვენ ახალ სამუშაო ადგილებსა და ვაჭრობისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით, ასევე სამეფოში გართობას უფრო მრავალფეროვანს ვხდით“, – განაცხადა მინისტრმა.

2030 წლისთვის საუდის არაბეთში 300-ზე მეტი კინოთეატრი, ანუ ორი ათასზე მეტი კინოდარბაზი გაიხსნება. მთავრობის გათვლით, კინოთეატრებიდან ეკონომიკა 24 მილიონ დოლარს მიიღებს, შეიქმნება 30 ათასი სამუშაო ადგილი.
პირველად მრავალი წლის განმავლობაში წელს სამეფოში ცნობილი არაბი და საერთაშორისო ვარსკვლავების კონცერტებიც გაიმართა. მიმდინარე კვირაში კი წითელი ზღვის პირას მდებარე ქალაქ ჯედაში ამერიკელი რეპერის ნელის კონცერტია დაგეგმილი. ღონისძიებაზე დასწრების უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ.