საუდის არაბეთი ნავთობის დღიური წარმოების ერთი მილიონი ბარელით ზრდის ინიციატივით გამოვიდა
საუდის არაბეთი ნავთობის დღიური წარმოების ერთი მილიონი ბარელით ზრდის ინიციატივით გამოვიდა

ოპეკის დე-ფაქტო ლიდერი საუდის არაბეთი 22 ივნისს  ვენაში დაგეგმილი შეხვედრის წინა დღეს ნავთობის წარმოების ზრდის ინიციატივით ღიად გამოვიდა.

ტელეკომპანია CNBC-ის ცნობით, ვენაში ჩასულმა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა დღეს ოპეკს, რომლის შემადგენლობაშიც 14 წევრი ქვეყანა შედის, უკვე მოუწოდა, რომ ნავთობის დღიური წარმოება 1 მილიონი ბარელით გაზარდონ. მინისტრის აზრით, მსოფლიო 2018 წლის მეორე ნახევარში დიდი ალბათობით, ნავთობის მიწოდების დეფიციტის წინაშე დადგება და ამ დეფიციტის აღმოფხვრა ოპეკის მხრიდან ნავთობის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას საჭიროებს.

„ჩვენ გავზრდით მიწოდებას… დღიური წარმოების ერთი მილიონი ბარელით გაზრდა კარგი მაჩვენებელი იქნება“,- განაცხადა ალ-ფალიჰმა. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ საუდის არაბეთმა ამ განცხადებით, ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელს ფაქტობრივად, ხელთათმანი ესროლა. როგორც ცნობილია, ოპეკის ყველა წევრს უბრალოდ, წარმოების მკვეთრად გაზრდის საკმარისი რესურსი არ აქვს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ წარმოების დღიური ნორმის რეალური ზრდის პოეტნციალი დღეში დაახლოებით 600-800 ათასი ბარელია, რაც საუდის არაბეთის მიერ დასახული მიზნობრივი მაჩვენებლის მხოლოდ ორი მესამედია.

ხვალ ოპეკის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები ტრადიციულად ვენაში მთავარ ოფისში იკრიბებიან, რათა ოპეკსა და მის მეკავშირეებს შორის (რუსეთის ჩათვლით), უკვე შეთანხმებულ 18-თვიან სტრატეგიას გადახედონ. ეს შეთანხმება თავის დროზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის დასაბალანსებლად დაიდო და18 თვის მანძილზე ნავთობის წარმოების შეზღუდვას გულისხმობს. თუმცა, ბოლო დროს ნავთობზე ფასის მკვეთრი ზრდის გამო, ბაზარზე დეფიციტის რისკი გაჩნდა. ამიტომ კარტელის ახალი ამოცანაა, ბაზრის გადახურების თავიდან აცილების მიზნით, წარმოების ლიმიტის მოხსნაზე შეთანხმებას მიაღწიოს.

დატოვე კომენტარი