საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე სამ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე სამ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე სამ კონკურსანტს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, ამის მიუხედავად, რაიმე სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

„საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კონკურსი სანიტარულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით წარიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე სამ კონკურსანტს კოვიდინფექცია დაუდასტურდა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაცია იმდენად მკაცრად იცავს დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რომ ერთეული კონკურსანტების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, რაიმე სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

5-9 სექტემბერს მიმდინარეობდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კანდიდატთა კონკურსისთვის რეგისტრაციის პროცესი. 73 საარჩევნო ოლქის 3 657 უბანზე არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საბუთები 25 000-ზე მეტმა მონაწილემ წარმოადგინა. განცხადებების მიღება მიმდინარეობდა როგორც ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისე ელექტრონულად. უშუალოდ შენობაში საბუთების წარდგენისას მკაცრად იყო დაცული რეკომენდაციის სახით გაცემული ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა და ცესკოს დადგენილებით გაწერილი მოთხოვნები, მათ შორის თერმოსკრინინგი, დისტანცია, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენება და დეზობარიერები. ამასთან დადგენილებით ასევე მოთხოვნილია სამუშაო სივრცეების სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება და დღეში რამდენჯერმე ბუნებრივი ვენტილაცია.  ადგილზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საბუთების წარდგენის პერიოდი არ აღემატებოდა 15 წუთს.

საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომები არ აქვთ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანს აღენიშნება სიმპტომები, საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს შესაბამის ზომებს“, – ნათქვამია საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი