სატყეო სააგენტო - სიფრთხილე გამოიჩინეთ ტყეში გადაადგილებისას, დაიცავით სახანძრო უსაფრთხოების წესები, ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე არ დაწვათ ნარჩენები და დაანთოთ კოცონი
სატყეო სააგენტო - სიფრთხილე გამოიჩინეთ ტყეში გადაადგილებისას, დაიცავით სახანძრო უსაფრთხოების წესები, ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე არ დაწვათ ნარჩენები და დაანთოთ კოცონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო გაფრთხილებას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, სიფრთხილე გამოიჩინონ ტყეში გადაადგილებისას, დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე არ დაწვან ნარჩენები და დაანთონ კოცონი.

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ტყეში გადაადგილებისას, დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, მოქალაქეებმა კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე არ დაწვან ნარჩენები და თავი შეიკავონ კოცონის დანთებისგან.

გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოში ნალექის რაოდენობა მნიშვნელოვნად, 20-40 პროცენტითაა შემცირებული.

ხანძრების გახშირება კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგია. ხანგრძლივი უნალექო პერიოდის გამო, რომელიც საქართველოში მთელი ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდა, ხანძრების რისკი ტყეებში განსაკუთრებით მომატებულია – გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი, რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე, მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200-ლარამდე. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 8 წლამდე; თუ ზიანი 1 000 ლარს შეადგენს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე“, – აცხადებენ სატყეო სააგენტოში.

დღესვე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების თვითაალება. შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს“, – აღნიშნავენ უწყებაში.

დატოვე კომენტარი