სატყეო რეფორმის თანახმად, ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს უბრუნდება
სატყეო რეფორმის თანახმად, ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს უბრუნდება

სატყეო რეფორმა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება – ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებისგან.

რეფორმის, ასევე, მთავარი მიმართულებებია ტყის მონიტორინგის და კონტროლის გაძლიერება, დეგრადირებული ტყის აღდგენა და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა.

რეფორმის თანახმად, ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს უბრუნდება. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტარიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტარამდე შემცირდება; გაიზარდა ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმებულთა სახელფასე ანაზღაურება, დაგეგმილია ტყის მცველების და მეტყევეების რიცხოვნობის ზრდა. ყოველწლიურად იზრდება დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, რაც, ერთობლიობაში, უზრუნველყოფს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, პროფესიის პოპულარიზაციასა და სატყეო განათლების ხელშეწყობას, სოფლად განვითარებასა და უფრო მეტ სარგებელს ტყის ეკოსისტემური სერვისებისგან.

„სატყეო რეფორმა სწორედ დღეს არის აქტიურ ფაზაში და ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები იმ თანმიმდევრული ნაბიჯებისა, რაც გადაიდგა და რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვცდილობდით. პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფიზიკური დაცვის დაბრუნება სატყეო სააგენტოსთვის და მისი თანამშრომლების – ტყისმცველების რაოდენობის ზრდა. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით იმ გამოწვევებზე, რომლებიც სექტორში წლების განმავლობაში დაგროვდა და ერთ-ერთია უკანონო ჭრა, რომელიც გამოწვევად რჩება და რომელიც, თავის მხრივ, ჩვენი ტყეების დეგრადაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია სხვა ბუნებრივ თუ ანთროპოგენურ ფაქტორებთან ერთად.  სწორედ ამიტომ ტყის დაცვის ფუნქციის დაბრუნება, მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ, პირველ რიგში, შევინარჩუნოთ ჩვენი ტყეების მდგომარეობა და შემდეგ უკვე ვიზრუნოთ მის განვითარებაზე იმგვარად, რომ  ეკოლოგიური, სოციალური თუ ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ქვეყანას და მოსახლეობას. ტყე სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსია ქვეყნისთვის, არის ჩვენი უსაფრთხო გარემოს გარანტი და  აქვს პოტენციალი იმისა, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაშიც“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.