სატენდერო პროცედურების გამო, კუს ტბის საბაგიროს ამუშავება გადაიდო
სატენდერო პროცედურების გამო, კუს ტბის საბაგიროს ამუშავება გადაიდო

სატენდერო პროცედურების გამო, კუს ტბის საბაგიროს ამუშავება გადაიდო. საბაგირო ივლისში გაჩერდა და მისი აღდგენა ოთხი თვის ვადაში იგეგმებოდა.

ბაგირის გამოცვლის მიზნით გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაიშალა, მეორე ტენდერის ფარგლებში კი ამ დროისთვის გამარჯვებული კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი (143 800 ლარი) შპს „ჯრკომ“-მა დააფიქსირა, თუმცა სატენდერო კომისიამ მისი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ტენდერში ასევე შპს „ბაგირმშენი“ მონაწილეობს (149 988 ლარი). სავარაუდოდ, გამარჯვებულად სწორედ ეს კომპანია გამოცხადდება და სამუშაოს 120 დღის ვადაში ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ „ბაგირმშენმა“ აღადგინა კუს ტბის საბაგირო 2016 წელს. მიმდინარე წლის ივლისში კი, ტექნიკური შემოწმების შედეგად, ბაგირის გამოცვლა გადაწყდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამ დროისთვის სამხარაულის ბიუროში ძველი ბაგირის ექსპერტიზა გრძელდება და მისი შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი