„სატანა და ვირუსი ვერ შეგვაჩერებს“ - აშშ-ის რამდენიმე შტატში სააღდგომო წირვისთვის ემზადებიან
„სატანა და ვირუსი ვერ შეგვაჩერებს“ - აშშ-ის რამდენიმე შტატში სააღდგომო წირვისთვის ემზადებიან

ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე ეკლესიამ განაცხადა, რომ მიუხედავად ჯანდაცვის ახალი რეგულაციებისა, ისინი მაინც ჩაატარებენ სააღდგომო წირვებს.

ქვეყნის მასშტაბით დიდ ჯგუფებში შეკრება 15 მარტიდან აიკრძალა, თუმცა რამდენიმე მღვდელი შემოღებულ კანონებს ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება. ერთ-ერთი მათგანია მეუფე ტონი სპელი, რომელიც ლუიზიანას შტატში, ევანგელისტური ეკლესიის პასტორია და აღდგომის წირვაზე 2000-მდე დამსწრეს ელოდება.

აიდაჰოს შტატში, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა იმართება საპროტესტო აქციები მიღებული რეგულაციების წინააღმდეგ, ასევე დაგეგმილია სააღდგომო წირვა, რომელსაც ათასობით დამსწრე ეყოლება.

„ჩვენ ღმერთი გვიხმობს, რათა ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა ანტიქრისტეს, რომელიც ამერიკის საზღვრებში ცდილობს შემოჭრას“- აცხადებს პასტორი.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკლესიების უმრავლესობა რელიგიური სერვისების ონლაინ რეჟიმში გადაცემას აპირებს, რათა მორწმუნეებს საერთაშორისოდ მიღებული ჯანდაცვის პრინციპების დარღვევა არ მოუწიოთ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსი უკვე 460 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, დაღუპულთა რიცხვი კი 17 000-ს უახლოვდება.