სათამაშოებსა და საღებავში ტყვიის შემცველობაზე კვლევები სავარაუდოდ ივნისში დაიწყება
სათამაშოებსა და საღებავში ტყვიის შემცველობაზე კვლევები სავარაუდოდ ივნისში დაიწყება

საქართველოს მასშტაბით გამოკვლეული 1500 ბავშვიდან 650-ში ტყვიის შემცველობის როგორც მსუბუქი, ასევე მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასულ კვირაში მთავრობის მიერ პროგრამა დამტკიცდა და დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება იმ ოჯახების სიღრმისეული შესწავლა, სადაც ბავშვებში ტყვიის შემცველობის მატებაა. შესწავლის მიზანია ტყვიის წყაროს დადგენა.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, 16 ოჯახში, სადაც ძალიან მომატებული იყო ტყვიის შემცველობა (30 მიკროგრამზე მეტი), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, პედიატრისა და გარემოს სააგენტოს სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი შევიდა. გამოკვლეული იქნა წყალი, ჰაერი და ნიადაგი. 16 ოჯახიდან ერთ შინამეურნეობაში გადახრები ძირითადად ნიადაგში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სათამაშოებსა და საღებავში ტყვიის შემცველობაზე პირველ ეტაპზე კვლევა ვერ ჩატარდა, თუმცა ამ მიმართულებით კვლევები აუცილებლად იგეგმება.

„გასულ პარასკევს დამტკიცდა მთავრობის მიერ მასშტაბური პროგრამა. ერთ თვეში დაიწყება ამ ოჯახების სიღრმისეული შესწავლა, რათა გავიდეთ წყაროზე. სათამაშოებისა და საღებავის კვლევა მეორე ეტაპის საქმეა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, თბილისში უკვე დაფუძნდა აკრედიტებული ლაბორატორია, რომელსაც მსგავსი სახის კვლევების ჩატარება შეუძლია.

„ასევე რამდენიმე სამინისტროს ჩართულობით დაიწყება მულტისექტორული პროგრამა, რომელიც სამი-ხუთ წელზე გაიწერება და, რომლითაც ტყვიის პრობლემა ქვეყანაში უნდა მოვაგვაროთ“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი ვარაუდით, მეორე ეტაპის კვლევები ივნისში დაიწყება.