სათაფლიის მღვიმის აღმოჩენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის ეკოტური გაიმართა
სათაფლიის მღვიმის აღმოჩენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის ეკოტური გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეკოტურს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი შეუერთდა.
„სათაფლიის მღვიმე 1925 წელს ქუთაისელმა პედაგოგმა და ნატურალისტმა, პეტრე ჭაბუკიანმა აღმოაჩინა. სათაფლია განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით გამოირჩევა — დაწყებული პრეისტორიული ხანის, 120 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრების ნაკვალევიდან, დასრულებული მრავალფეროვანი კარსტული მღვიმით.
სათაფლია უნიკალური კოლხური ტყით, პანორამული გადასახედით, ტურისტული ბილიკებით, მუზეუმითა და დინოზავრების პარკით ინტერესს ყველა ასაკის სტუმარს უღვიძებს და ყოველწლიურად ათიათასობით ვიზიტორს მასპინძლობს.
2011 წელს გახსნილმა ვიზიტორთა ცენტრმა და საგამოფენო სივრცემ მნიშვნელოვნად გაზარდა ლოკაციის ტურისტული პოტენციალი. 2015 წლიდან დღემდე სათაფლიაში განხორციელდა ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია: განახლდა დინოზავრების პარკი და დაემატა ახალი მაკეტები, მოეწყო საბავშვო გასართობი ზონა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტურისტულ ბილიკებს, განახლდა მღვიმისა და ეზოს განათების სისტემა და შუშის პანორამული გადასახედი. პროექტებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს სათაფლიის, როგორც იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ობიექტის განვითარებას, რათა ვიზიტორებისთვის მოგზაურობა გახდეს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი“, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.