სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის პაციენტი ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება
სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის პაციენტი ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება

სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც კოვიდ 19 -ით დაინფიცირებული 67 წლის პაციენტი ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება.

მამაკაცს კორონავირუსი რამდენიმე დღის შემდეგ დაუდასტურდა.

„ცხელების ცენტრიდან“ მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს, სადაც ასევე მოთავსებულია მისი მეუღლე.

ქალის ბიოლოგიური ნიმუში გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში და პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ეპიდემიოლოგები მამაკაცის კონტაქტებს სწავლობენ. არსებული ინფორმაციით, მისი დაინფიცირების პირველწყარო უცნობია.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ცნობით, მამაკაცს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, შესაბამისად არც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა მისი კონტაქტები არც ისე ფართოა.

პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში ცხოვრობს. შესაბამისად, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

იმერეთში საკარანტინო სივრცეებში 400-მდე მოქალაქეა მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 170 ადამიანი იმყოფება.

ქუთაისის ლაბორატორიას დღემდე 304 ნიმუში აქვს გამოკვლეული და აქედან რვა დადასტურებული შემთხვევაა.