სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კვებითი პროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კვებითი პროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა კვების პროდუქციის მწარმოებლებს მოუსმინეს.

დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა წინა ორი სხდომის შედეგები შეაჯამა და იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც ადგილობრივი პროდუქციის ფასის წარმოქმნის ფაქტორებზე მოქმედებს.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მინდა, გამოვყო: პირველი ის, რომ წარმოების დიდი ნაწილი იმპორტულ ნედლეულზეა დამოკიდებული, რაც თავისთავად ინფლაციის რისკებს ქმნის; მეორე, საოპერაციო ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვანი ზრდა არის. განსაკუთრებით ზრდა არის გაყიდვებისა და რეალიზაციის ხარჯებში, რაც პირდაპირ მიბმულია ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობებში. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებელს განსაკუთრებით ძვირი უჯდება საკუთარი პროდუქტის რეალიზაცია; ასევე, დავინახეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სამუშაო კაპიტალის დეფიციტია და მწარმოებლებს დამატებითი საკრედიტო რესურსების აღება უხდებათ, რაც აძვირებს კაპიტალს, რადგანაც საკრედიტო რესურსი 15-16 პროცენტს შეადგენს და ეს ყოველივე, საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო ფასებზე აისახება“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, საერთო ჯამში, არსებული ფასწარმოქმნის ჯაჭვი და ბიზნესოპერაციები ადგილობრივ წარმოებას არაკონკურენტულ გარემოში აყენებს, რაც, თავისთავად, წარმოებულ პროდუქტში აისახება.

„ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა შევძლოთ. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია, რადგან იმპორტულ საქონელთან ჯანსაღი კონკურენციის, სწორი ბიზნესპროცესების მართვისა და ბიზნესეფექტურობის გაზრდის პირობებში, გვსურს, ადგილობრივი წარმოება კონკურენტუნარიანი გავხადოთ, რაც, საბოლოო ჯამში, კონკურენტუნარიან ფასზე აისახება“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

სხდომაზე, „ემსიბი ჯორჯიის“, „ვასაძის პურისა“ და „ბარამბოს“ წარმომადგენლებმა სავაჭრო-საცალო ქსელებთან არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილეს, რაც კომპანიების მიერ საკუთარი პროდუქციის სავაჭრო ქსელებში განთავსება-რეალიზაციას უკავშირდება.

მათი თქმით, სავაჭრო ქსელები მწარმოებელ კომპანიებთან მიმართებაში პრივილეგირებულ პოზიციაში იმყოფებიან, რაც მათ საშუალებას აძლევს, მაღაზიებში პროდუქციის განთავსებასთან დაკავშირებით ცალმხრივად გაწყვიტონ კონტრაქტი. მათივე შეფასებით, მნიშვნელოვან პრობლემას ე.წ.ქეშბექი წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად იზრდება.

ადგილობრივმა მწარმოებლებმა პრობლემურ საკითხებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილეს უცხოეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, ასევე ქსელურ მარკეტებში საკუთარი პროდუქციის ნაშთის მართვისა და დაგვიანებული გადახდების თემებზე, რაც კომპანიებს აიძულებს, მიმართონ ბანკებს.

ანალოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს შპს „ჯოლიოს“, „ტკბილი ქვეყნის“, „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ და სს „ქართულ-ევროპული მაკარონის ინდუსტრიის“ წარმომადგენლებმა.

მათი თქმით, გარდა სავაჭრო საცალო ქსელებთან ურთიერთობისა, კომპანიებისთვის ასევე მძიმე ტვირთს წარმოადგენს საწარმოო პროცესში არსებული გამოწვევები, კომუნალური და საწვავის ხარჯები და იმპორტულ პროდუქციაზე დამოკიდებულება.

კომისიის თავმჯდომარემ ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრების დროს გამოვლენილ საკითხებზე ისაუბრა.

„ადგილობრივ წარმოებულ პროდუქციაზე ფასების ზრდას სხვადასხვა პრობლემა განაპირობებს, რაც მწარმოებლებთან შეხვედრების დროს მკაფიოდ გამოიკვეთა. უნდა აღინიშნოს, რომ ფასნამატი სამსაფეხურიან პროცესს მოიცავს, რომელიც მწარმოებლისგან, იმპორტიორ-დისტრიბუტორისა და საცალო ქსელების ოპერატორებისგან შედგება. ამ სამ საფეხურს შორის არის მჭიდრო კავშირი და, შესაბამისად, შეუძლებელია, დღეს საბოლოო გამოსავალზე ვისაუბროთ, ვიდრე სამივე საფეხურს არ შევისწავლით. დღეს ჩვენ ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრები დავასრულეთ და კომისიის შემდეგ სხდომებზე შეხვედრებს იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებთან გავაგრძელებთ“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.