სასტუმროებთან სამუშაო შეხვედრები დასრულდა, შეჯერებული ახალი რეგულაციები მოკლე პერიოდში გასაჯაროვდება
სასტუმროებთან სამუშაო შეხვედრები დასრულდა, შეჯერებული ახალი რეგულაციები მოკლე პერიოდში გასაჯაროვდება

სასტუმროებისა და ტურისტული ასოციაციების, ასევე მცირე, საშუალო და ბრენდული სასტუმროების წარმომადგენლებთან რიგით მესამე, დასკვნითი სამუშაო შეხვედრა შედგა.

ახალი გაიდლაინებისა და წესების შესახებ დარგისგან დასმული ყველა საკითხი სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებულ იქნა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინიციატივით გამართულ დასკვნით შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ესწრებოდნენ.

„ჩვენ შევთანხმდით რეგულაციების საბოლოო ფორმულირებაზე და სრული ჰარმონია გვაქვს ახალ ნორმებთან დაკავშირებით. შემაჯამებელ შეხვედრაზე გაჟღერებული იყო როგორც ბრენდული, ასევე მცირე, საშუალო სასტუმროების ინტერესები. ჩვენ წინა შეხვედრებზე მოვისმინეთ კერძო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები, რაც გავითვალისწინეთ სხვადასხვა უწყებებთან ერთად მუშაობის შედეგად და დღევანდელ ფორმატში დავაკმაყოფილეთ მათი თხოვნა, მიუხედავად იმისა რომ გვიწევს საკმაოდ მკაცრი რეგულაციების დანერგვა, ჩვენი მიზანი იყო დარგის მოსაზრებების გაზიარება, რათა საოპერაციო კუთხით არ შექმნოდათ სირთულეები და შეფერხებები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებს, ამიტომ ახალი რეგულაცია იქნება საკმაოდ გაჯერებული – მკაცრი, თუმცა ბიზნესის საოპერაციო სპეციფიკის სრული გათვალისწინებით. გაიდლაინები მომდევნო კვირაში გასაჯაროვდება, მოხარული ვარ რომ ამ კუთხით ჩვენ წარმოვადგენთ ერთ- ერთ პირველ ქვეყანას რომელმაც სწრაფად შეიმუშავა გაიდლაინები საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ახალი გაიდლაინებისა და წესების დარგთან საბოლოო შეჯერებას წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალური განხილვა უსწრებდა, სასტუმროების ხლმძღვანელებს ჯერ დოკუმენტის სამუშაო ვერსია დაეგზავნათ, შემდგომ მათი კომენტარები ადმინისტრაციამ მოისმინა, რასაც უწყებრივი სამუშაოები მოჰყვა და საბოლოოდ ისევ დარგთან შეხვედრაზე შეჯერდა და დაკმაყოფილდა ყველა დეტალი.

სასტუმრო ბიზნესის სრული სპექტრის წარმომადგენლებთან გამართული დასკვნითი შეხვედრის ფარგლებში სასტუმრო ინდუსტრიის საოპერაციო საკითხების დეტალებზე შედგა საუბარი. ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და რეგიონებში არსებული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ხელმძღვანელები. სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელთა შეფასებით წინა შეხვედრებზე დასმული ძირითადი მოსაზრებები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ ბოლომდე გაითვალისწინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯანდაცვის სამნისტროს წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებს თანამშრომლობისთვის და ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებისთვის მადლობა გადაუხადა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები მოკლე პერიოდში გასაჯაროვდება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.