სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ მრავალფუნქციურ კომპლექს „რესპუბლიკაში“ საევაკუაციო განგაშის ჩართვის მიზეზს განმარტავს
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ მრავალფუნქციურ კომპლექს „რესპუბლიკაში“ საევაკუაციო განგაშის ჩართვის მიზეზს განმარტავს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ მრავალფუნქციურ კომპლექს „რესპუბლიკაში“ ჩართულ საევაკუაციო განგაშზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასტუმროს მართვაში მყოფ მრავალფუნქციურ კომპლექსში უსაფრთხოების განგაში დღეს 11:40 საათზე ჩაირთო. მათივე ცნობით, მიზეზი სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან სამზარეულოში მომხდარი შემთხვევითი დაუდევრობა გახდა.

„სიგნალის ხმა ღონისძიების დასრულების შემდეგ გაისმა. მიზეზი სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან სამზარეულოში მომხდარი შემთხვევითი დაუდევრობა გახდა, კერძოდ, სახანძრო სიგნალიზაცია ღუმელიდან გამომავალმა კვამლმა აამოქმედა.

მომხდართან დაკავშირებით, სასტუმროს შესაბამის დეპარტამენტს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. დაცული იყო უსაფრთხოების ყველანაირი ნორმა. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის არც ერთი სტუმრის უსაფრთხოებას არ შექმნია საფრთხე.

სასტუმროს მენეჯმენტი ბოდიშს უხდის სტუმრებს შექმნილი უხერხულობისთვის.

სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ უსაფრთხოების ნორმები უმაღლეს დონეზე არის დაცული. სასტუმრო ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საერთაშირისო კომპანია Safe Hotel Aliance-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში. პროგრამა ითვალისწინებს მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირებას სხვადასხვა ბრენდის სასტუმროებში, რომლის ფარგლებშიც ხდება შემოწმება, თუ რამდენად გამართულად მუშაობს სისტემა.

ბოლო წლებია, აღნიშნული ინსპექტირების ფარგლებში, „რადისონ ბლუ ივერია“ იმსახურებს უმაღლესი დონის სერტიფიკატს და არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაცული სასტუმრო მსოფლიოში“, – აღნიშნულია სასტუმროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.