სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯერი ხანძრის მიზეზებსა და დეტალებზე საუბარს თავს არიდებს
ბათუმში, „ლეოგრანდის“ სასტუმროს საღამოს ცვლის მენეჯერი მურატ აგდანლი ხანძრის დეტალებსა და მიზეზებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია ვრცლად მომხდარის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ ისაუბრებს. ამის შესახებ აგდანლიმ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვას, იყო თუ არა „ლეოგრანდში“ დაცული უსაფრთხოების ნორმები, სასტუმროს მენეჯერი პასუხობს, რომ არ იცის, ზუსტად რა მოხდა.
„ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, ძალიან დამწუხრებულები ვართ“, – აცხადებს მურატ აგდანლი.
ჟურნალისტებმა მურატ აგდანლის ჰკითხეს, რატომ ვერ მოხდა იმ 11 ადამიანის დროულად ევაკუაცია, რომლებიც ხანძარს ემსხვერპლნენ.
„ხანძრის გამო იყო ძალიან დიდი დაკვამლიანება, ამის გამო ეს ადამიანები ვერ დავინახეთ, არ ვიცოდით სად იყვნენ“, – აცხადებს „ლეოგრანდის“ მენეჯერი.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე პირველად პოლიცია მოვიდა და სასტუმროს მომსახურე პერსონალი შენობიდან გაიყვანა.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.
ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.