სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისიდან“ ხუთი პირი კარანტინშია გადაყვანილი, დანარჩენ სტუმრებს კი ტერიტორიის დატოვება შეუძლიათ
სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისიდან“ ხუთი პირი კარანტინშია გადაყვანილი, დანარჩენ სტუმრებს კი ტერიტორიის დატოვება შეუძლიათ

სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისიდან“ ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი ხუთი ადამიანი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, დანარჩენ სტუმრებს კი ტერიტორიის დატოვება შეუძლიათ, – ამის შესახებ „დრიმლენდ ოაზისის“ მენეჯერმა, გვანცა ხაინდრავამ განაცხადა.

„აბსოლუტურად ყველა ტესტის პასუხი არის უარყოფითი. 940 ადამიანს, რომელიც ჩვენთან ისვენებდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ის პირები, რომლებსაც კოვიდინფიცირებულთან კავშირი ჰქონდათ, გადაყვანილები არიან კარანტინის რეჟიმში. არც ერთ მათგანს საფრთხე არ ემუქრება. ყველა დანარჩენი სტუმარი თავისუფალია, რადგან არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა „კოვიდ-19“. ყველა მათგანს ამ წუთიდან შეუძლია ტერიტორიის დატოვება“, – აღნიშნა „დრიმლენდ ოაზისის“ მენეჯერმა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ მყოფ პირთა გამოკვლევა დასრულდა და არც ერთ გამოკვლეულ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ გუშინ ჩაიკეტა. მიზეზი სამედიცინო კონფერენციაზე მყოფი ერთ-ერთი მედიკოსი გახდა, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.